გიორგი ჭირაქაძე - პრემიერი დაგვპირდა, რომ ბიზნესთან დაკავშირებული თემები მეტად კოორდინირებული იქნება
საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრისას, ბიზნესასოციაციის წევრების 95%-მა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ლარის კურსის ცვლილება იყო.
როგორც გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ლარის კურსის ცვლილება თითქმის ყველა კომპანიაზე უარყოფითად აისახა.
„ეს ავუხსენით ხელისუფლებას და ვთხოვეთ, რომ მაქსიმალური გააკეთოს, რაც შეუძლია. ჩვენ გვესმის, რომ ლარის კურსი არ იყო დამოკიდებული მარტო ხელისუფლებაზე, მაგრამ მაქსიმალური უნდა გაკეთდეს მომავალში, რათა ასეთი რყევები აღარ იყოს“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, გამოწვევებს შორის რჩება სასამართლო ხელისუფლება.
როგორც გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი კითხვა და თემაა, რომლებიც ზოგადად უარყოფითად აისახება.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ჩვენ სასამართლო ხელისუფლებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ეს საკითხი ასოციაციის წევრების ნაწილმა გამოყო, როგორც პრობლემური საკითხი“, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი საკითხი იყო საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ბიზნესს ეხება.
„ხელისუფლებას ვთხოვეთ, როდესაც ბიზნესს ეხება ახალი კანონები, ჩვენთან შეთანხმებული იყოს და პრემიერი დაგვპირდა, რომ უფრო მეტად კოორდინირებული იქნება თემები და საკითხები, რომელიც ბიზნესს ეხება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია განათლება, ასევე იმ თანამშრომლების კომპენსაცია, რომლებიც დასაქმებული არიან ბიზნესში. ჩვენ აქაც ვხედავთ ბევრ პრობლემას, რომელიც ხელისუფლებამ და კერძო სექტორმა უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ ეს ყველაფერი გავუზიარეთ პრემიერს. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერი ფაქტობრივად ყველა ჩვენს შეფასებას დაეთანხმა და გვითხრა, რომ რაც წარვადგინეთ, ობიექტურია.შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. შევთანხმდით, რომ ბიზნესასოციაცია ასეთ კვლევას ყოველწლიურად ჩაატარებს და შევეცდებით შევაფასოთ, რა იყო წინა წლებში და რა არის დღეს.“, – აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.
ღონისძიებას, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა.
დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის – “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგები გააცნეს.