გიორგი ჩიქოვანი - საქართველოსა და „ენკას“ შორის ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები დაცულია
საქართველოსა და „ენკას“ შორის ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები დაცულია, – ამის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კომპანია „ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებას კომპეტენტურ პასუხს გასცემს.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, განცხადებები, რომ 15 წლის მერე „ენკა“ ექსპორტზე გაიტანს ელექტროენერგიას, სასაცილოა.
„საქართველოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად დაცულია როგორც საქართველოს ინტერესები, ასევე ჩვენი ენერგეტიკის, ეკონომიკის, სოციალური და სხვა ასპექტები. ჩვენ გავეცანით „ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებას და ვამზადებთ საკმაოდ დეტალურ, კომპეტენტურ პასუხს. ჩემი შეფასებით, ის რამდენიმე პუნქტი, რაზეც ამ ორგანიზაციამ ისაუბრა, საკმაოდ არაკომპეტენტური ადამიანის მიერ არის დაწერილი. ეს არ არის მხოლოდ იურიდიული საკითხი, ეს საკმაოდ ტექნიკური საკითხია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ამ ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული სახელმწიფოს მხრიდან და მერწმუნეთ, ყველა ის ასპექტი, სადაც საჭირო იყო დაგვეცვა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, დაცულია. რაც შეეხება იმ სასაცილო განცხადებას, რომ 15 წლის მერე „ენკა“ ექსპორტზე გაიტანს ელექტროენერგიას, ეს უბრალოდ კომენტარის ღირსიც არ არის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ბევრი ისეთი ასპექტია გათვალისწინებული, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს იცავს.
„ყველა ინვესტორი ითხოვს რაც შეიძლება გრძელვადიან გარანტიას, რომ ის შეისყიდის ელექტროენერგიას. საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც ეს გარანტირებული შესყიდვა არის მინიმუმამდე დაყვანილი, არ ხდება 12 თვე შესყიდვა, ხდება საკმაოდ გამჭირვალე და კომპეტენტური ფასით, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით. ვინმეს თუ ჰგონია, რომ 15 წლის მერე, როდესაც ჰესი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ამას ჩუმად გაიტანს ექსპორტზე და ჩვენს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტი იქნება, ეს არის ფანტაზია და ილუზია.
ელექტროენერგიის სიჭარბე თუ გაქვს, ამაზე კარგი რა არის, რომ ექსპორტზე რაღაც გაიტანოს ქვეყანამ, მაგრამ ჯერ, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდება არსებული მოთხოვნა ქვეყანაში. ამ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ასპექტი, რომელიც იცავს სახელმწიფოს, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე არ საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რაღაც ზედაპირული დასკვნებია გაკეთებული, რომელსაც უახლოეს დღეებში ძალიან კარგი პასუხი გაეცემა ეკონომიკის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში 2 000 ადამიანი დასაქმდება.
„დაახლოებით 2 000 ადამიანი დასაქმდება პროექტზე, 1 600 იქნება ადგილობრივი. დაახლოებით 400 ადამიანს ჩაუტარდება ტრეინინგი, რა დროსაც მათი კვალიფიკაცია ამაღლდება და უკვე ისინი გაწევენ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.
რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნას, რატომ უნდა გაწყვიტოს სახელმწიფომ ხელშეკრულება? ეს ხდება მაშინ, თუ ინვესტორი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. ჯერჯერობით ინვესტორი ასრულებს ამ ვალდებულებებს.
ალბათ, კომუნიკაციის მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო იმიტომ, რომ არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობა, სრულიად საქართველო, იგივე ჩემი ნათესავები, ჩემი ახლობლებიც ხშირად აღშფოთებულები მეკითხებიან რატომ ხდება ასე. ამ მხრივ მეთვითონ ვგრძნობ, რომ არ არის საკმარისი ინფორმაცია. ჰესები გახდა სალანძღავი, დემონიზებული სიტყვა და რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ჰესი არის ცუდი. არადა ეს ასე არ არის. ყველა განვითარებული ქვეყანა ევროპაში, ამერიკაში, სადაც ამის რესურსი იყო, 90 პროცენტი აქვთ ათვისებული, ჩვენ კი დაახლოებით 15 პროცენტი გვაქვს ათვისებული. ჩვენ თუ გვსურს, რომ ეკონომიკურად კიდევ უფრო განვვითარდეთ და გავიზარდოთ, ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება. სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია გაზი, არ გაგვაჩნია ნავთობი და ეს ღვთისგან ბოძებული რესურსი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შვილების და ჩვენი მომავლის კეთილდღეობისთვის. ოღონდ ეს ხდება გონივრულობის ფარგლებში, ყველანაირი რისკის გათვალისწინებით“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.