გიორგი ჩერქეზიშვილი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე მთავარ ეკონომიკურ მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
როგორც მან პარლამეტში სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც მისივე განმარტებით, ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ენერგეტიკის, წიაღისეულის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, სამშენებლო დარგების განვითარებას.
ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილის შეფასებით, აღნიშნული გააუმჯობესებს ქვეყანაში სტანდარტებს და აამაღლებს ცხოვრების დონეს.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოსთვის, როგორც „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრისთვის, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებები იქნება: სექტორში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ქვეყნის სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, ენერგეტიკული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის ფუნქციის გაძლიერება და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარება.
გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ლოგისტიკური სერვისების განვითარების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სატრანსპორტო განათლების დონის ამაღლების მიმართულებით.
„ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით გაგრძელდება მუშაობა, საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საინფორმაციო სივრცის ფორმირებისა და ამ სივრცეში ქართული კომპანიების ჩასართველად. მუშაობა გაგრძელდება, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ინოვაციური ეკოსისტემის გასაძლიერებლად, კერძოდ, ფინანსების ხელმისაწვდომობის, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, სამეცნიერო ინოვაციების, ე.წ. სტარტაპ ქომუნითის გაძლიერების მიმართულებებით“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია – განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე; ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად გადაქცევა.
„აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა და პრიორიტეტული მიმართულებები ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკის ინკლუზიურობასა და დივერსიფიკაციას“, – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკის ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.