გიორგი ჩალაძე - სააკაშვილისთვის მირთმეული საცივის გასინჯვას მოჰყვა კუჭ-ნაწლავის მწვავე გართულება, საცივი მედპერსონალისთვის იყო განკუთვნილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე საათია, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე იკითხება.
გიორგი ჩალაძის შეფასებით, პროცესზე ნინო ნადირაძემ ისაუბრა სააკაშვილთან დაკავშირებით პერსონალურ დეტალებზე, რითიც დაარღვია კანონი ადამიანის პერსონალური მონაცემების შესახებ.
როგორც ჩალაძე ამბობს, ამას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„ჩემი აქ მოსვლის მიზეზია და ჩემი განცხადება ეხება ქალბატონი ნინოს ცინიკურ, ირონიულ ჭორაობას, ეთიკის ნორმებისა და კანონის დარღვევას, სააკაშვილისა და სოციალური თემებით მანიპულირებას. ვფიქრობ, პაციენტის უფლების დარღვევის გარდა, ქალბატონი ნინოს ჭორაობა და დამცინავი საუბარი არის ჩვენი საზოგადოების დაცინვა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება. თუკი მსოფლიოში აღმოჩნდება ვინმე და იტყვის, რომ საცივის მირთმევით ადამიანები 38 კილოს იკლებენ, მაშინ საქალაქოს ახალი დანკინის დიეტა აღმოუჩენია.
სიმართლე იყო შემდეგი: სააკაშვილისთვის მირთმეული საცივის გასინჯვას რა შედეგიც მოჰყვა, დადასტურებული, დაფიქსირებულია სამედიცინო ისტორიაში. ამას მოჰყვა მწვავე კუჭ-ნაწლავის გართულება. საცივი განკუთვნილი იყო მედპერსონალისთვის და ქალბატონ ნინოს შეუძლია, კარგად მოყვეს, რა გემრიელად დააგემოვნა ის. ქალბატონო ნინო, თქვენ ძალიან სამარცხვინოდ იქცევით, როცა ადამიანის უფლებებს ასე ფეხქვეშ თელავთ. თქვენი ქცევა არის თავზე გადავლა თქვენი მედპერსონალისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვის მიმართაც ჩვენ დიდი ხანია, პატივისცემას გამოვხატავთ. ეს არ ეკადრება იმ საზოგადოებას, რომელი საზოგადოების წარმომადგენლადაც აჩვენებთ თავს. გპირდებით, ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. თქვენ ზუსტად იმ ტექსტებით საუბრობთ, რაც უნდა დაიბეჭდოს ყვითელ პრესაში და თქვენი დღევანდელი ბენეფისი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თემის კვლავ გაცოცხლებას. ეს არის ბინძური, სამარცხვინო, უკადრებელი ქცევა, რომელიც არ შეშვენის ადამიანს.
რაც შეეხება კანონდარღვევას, ამაზე ვესაუბრეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ქალბატონო ნინო, თქვენ დაარღვიეთ ადამიანის პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი, მისი თანხმობის გარეშე უკვე დიდი ხანია, ჭორაობთ იმ პერსონალურ დეტალებზე, რომლებიც განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური მონაცემია. ამას მოჰყვება არა მარტო ქართული კანონმდებლობის რეაგირება, არამედ საერთაშორისო რეაგირებაც. თქვენი ცინიკური დამოკიდებულება გადასული მარაზმში აუცილებლად იქნება განხილული საერთაშორისო საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.