გიორგი ჩაკვეტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები გვეუბნებიან, რომ კონსტიტუცია არაფერია
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები გვეუბნებიან, რომ კონსტიტუცია არაფერი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “ტრიბუნა“ განაცხადა.
„კონსტიტუციაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში არ გვაქვს და დღეს დავბრუნდით იმ რეჟიმში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სიტუაციური, ქვეცნობიერი, თუ ყველანაირი მოკავშირეები გვეუბნებიან, რომ კონსტიტუცია არაფერი არ არის; გვთავაზობენ ე.წ. გერმანულ მოდელს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ეს პირველი კურსის სტუდენტისთვისაც გასაგებია, ვინც იურიდიულზე სწავლობს. თან გვეუბნებიან – კი, კონსტიტუციის შეცვლა არ გინდათ, შევცვალოთ ორგანული კანონი, საარჩევნო კოდექსი და ამის საფუძველზე შევძლებთ, სრულად პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე გადავიდეთო“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში 1 200-მდე შეხვედრა გაიმართა და მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მაჟორიტარებს, თუ არამაჟორიტარ დეპუტატებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.
„რა თქმა უნდა, ზოგი ფიქრობს, რომ 2020 წელს უნდა იყოს პროპორციული სისტემა, ზოგი კი ფიქრობს, რომ მაჟორიტარული უნდა იყოს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის პროპორციული სისტემა კარგია, მნიშვნელოვანია და აუცილებელი, მაგრამ თუ თქვენ პირობითად, მეუბნებით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი უნდა ვაიძულოთ, მხარი კონკრეტულ კანონპროექტს დაუჭიროს, მაშინ საერთოდ გავაუქმოთ პარლამენტი, აღარ გვინდა ეს წარმომადგენლობითი დემოკრატია და გადავიდეთ ერთპიროვნულ მმართველობაზე, რომლის გამოცდილებაც, დე ფაქტოდ, თუ დე იურედ, ნამდვილად გვქონდა გასულ წლებში“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი ე.წ. გერმანული მოდელი, თუ ცვლილებით შენარჩუნებული იქნება საკონსტიტუციო პრინციპი, რომ 73 მაჟორიტარულად დაკომპლექტდეს, 77 კი პროპორციულად და რატომ ვერ ჯდება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებში გერმანული მოდელი, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს, რასაც გერმანული მოდელი გამორიცხავს, რადგან 77 არ უდრის 150-ს.
„ანუ 150-ვე მანდატი ვერ დაკომპლექტდება ამ მოდელით. იმიტომ, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია – 77 უნდა იყოს პროპორციული წესით და 73 მაჟორიტარულ ოლქში უნდა იყოს პირდაპირი წესით არჩეული მაჟორიტარი“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, მოცემული ვითარების გათვალისწინებით დღის წესრიგში დადგეს 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემას ვერ ხედავს.
„ლეგიტიმაციის პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის საარჩევნო კოდექსი. პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ამა თუ იმ არჩევნებში. ნებისმიერი პარტიის მიზანი უნდა იყოს, არჩევნებში გაიმარჯვოს. სხვა შემთხვევაში, პარტიას აზრი არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია გაურბის პარლამენტის პლატფორმას, საკრებულოების ფორმატებს, გაცვეთილ, რუსულ ბოქლომებს არჩევს და ცდილობს, ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება მოახდინოს, რასაც სახელმწიფო არ დაუშვებს.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოკავშირეები საზოგადოებაში ჰყავს და ყოველ არჩევნებზე ძალიან ნათლად დასტურდება ის მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.