გიორგი ჩაკვეტაძე - მიხარია, პირველივე სანაკრებო შეხვედრაში რომ გოლი გავიტანე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა, რომელმაც თავი გოლით გამოიჩინა.
„მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში პირველივე შეხვედრაში გოლი გავიტანე. ვეცდები, შემდეგ თამაშებშიც ასეთივე მოტივაციით და მონდომებით ვითამაშო. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და ფაქტობრივად, ყველა მათგანი გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში ანგარიშის შენარჩუნებას ვცდილობდით, რაც ბუნებრივია, როდესაც პირველ ტაიმს 4:0 მოიგებ, ასეც ხდება. მიმაჩნია, რომ დღეს გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა“, – ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.
გიორგი ჩაკვეტაძე ესტონეთთან 27 მარტის მატჩს გამოტოვებს. მან ამის მიზეზზეც ილაპარაკა.
„თავიდანვე ასეთი შეთანხმება იყო “გენტსა” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შორის, რომ მხოლოდ პირველ თამაშს ჩავატარებდი. ასე რომ, ესტონეთთან ამის გამო ვეღარ ვიქნები. მადლობას ვაისს, რომ მენდო და მათამაშა. ჩემი აზრით, დებიუტანტის კვალობაზე ცუდი მატჩი არ გამომივიდა“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა მიხეილ მესხის სტადიონზე ლიტვა 4:0 დაამარცხეს.