გიორგი ჩაკვეტაძე - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას აღვნიშნავთ და ახალგაზრდებმა, მათ შორის რეგიონებიდან, თავად გადაწყვიტეს, შემოგვიერთდნენ
ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს კვირეულს სახელწოდებით – „საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“.
ახალგაზრდული კვირეული დღეს, 20:00 საათზე, ორბელიანის განახლებულ მოედანზე კონცერტით გაიხსნება.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდების შეკრება სწორედ ამ ღონისძიებას უკავშირდება.
„ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის რეგიონებიდან, მათ შორის სტუდენტებს. ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტეს, რომ შემოგვიერთდნენ” ,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ჩაკვეტაძე განმარტავს, რომ საორგანიზაციო ხარჯებს პარტია უზრუნველყოფს, თუმცა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები არ ფინანსდება.
კითხვაზე, რას აკეთებდნენ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ წესრიგს ამყარებდნენ, ჩაკვეტაძე პასუხობს, რომ ეს ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.
„ინდივიდუალურად ყველა ადამიანს შეუძლია, მივიდეს, სადაც გაუხარდება ისევე, როგორც პროტესტის მონაწილეებს შეუძლიათ, მივიდნენ და კანონის ფარგლებში გააპროტესტონ ნებისმიერი საკითხი, ქმედება თუ ასე შემდეგ. ინდივიდუალურად ვინმეს მოვუწოდოთ, რომ სადმე არ მივიდნენ, ამ რეჟიმში არ ვართ“ , – აცხადებს ჩაკვეტაძე და აღნიშნავს, რომ შეკრება ორგანიზებული არ იყო.
„ჩვენ რომ გვინდოდეს ჩვენი აქტივის მობილიზება, რაც წარმოუდგენელია, არასწორი იქნება, ამას არასოდეს გავაკეთებთ. აღვნიშნავთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და ერთად ვამბობთ, წინ ევროპისკენ“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ახალგაზრდული კვირეული 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.