გიორგი ბურჯანაძე - ბორელი როცა გვეუბნება, ამ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ, ევროკავშირში განაცხადი თუ გვაქვს, რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არაფერია იმაზე დიდი საფრთხის შემცველი, რასაც წარმოადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
ბურჯანაძის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ბორელი როცა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ერთი შეხედვით თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე შეიძლება, ყველას წარმოუდგენია. თუ ამ ქვეყანას არ ექნება შანსი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როცა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა გეუბნება, რომ ამის მიღება არ შეიძლება, ევროპარლამენტი გეუბნებათ და 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბორელი როცა ამას გვეუბნება, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ.
თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. ამას გეუბნებათ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეც ვარ“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.