გიორგი ბარამიძე - ყველა პატრიოტს ვულოცავ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილეს, რომელმაც საქართველო აქცია თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ
მინდა, ყველა პატრიოტს მივულოცო „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილე, იმ რევოლუციისა, რომელმაც საქართველო აქცია თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ამ წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში იმ ინსტიტუციების შექმნა, რამაც საშუალება მოგვცა დღეს ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ვისაუბროთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და ეს ყველაფერი რეალობა იყოს. მინდა, მივულოცო ყველა პატრიოტს განურჩევლად პარტიულობისა. განსაკუთრებით, მინდა, მივულოცო ჩვენს პატრიოტ პოლიციელებს, რომლებიც წარმოადგენენ იმ პოლიციას, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილის გუნდმა, ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარს, რომლებიც ასევე არიან სამშობლოს სადარაჯოზე და რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
მინდა, მივულოცო ყველა პედაგოგს, რომელიც დღეს სულ სხვა მდგომარეობაში არიან, ვიდრე იყვნენ „ვარდების რევოლუციამდე“. მინდა, მივულოცო ლექტორებს, მოსწავლეს, სტუდენტს. ის, რომ მათ არ სჭირდებათ ჩაწყობით და ფულის გამოყენებით გამოცდების ჩაბარება, მივულოცო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც სარგებლობს იუსტიციის სახლების სერვისით და ყველა ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია ნორმალური, ცივილიზებული საქართველო.
მინდა, მივულოცო ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად ოკუპანტის ყოველდღიური აგრესიისა, პროვოკაციებისა, ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა, მკვლელობისა, მედგრად დგანან სამშობლოს სადარაჯოზე და იციან, რომ საქართველო ჩვენი ერთიანობით, ჩვენი მეგობრების დახმარებით აუცილებლად მშვიდობიანად გამთლიანდება.
მინდა, საქართველოს ყველა პატრიოტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე, რომლებმაც ქვეყნის სიდუხჭირის, თავდასხმების და სხვა მრავალი მიზეზის გამო დატოვეს საქართველო, მაგრამ იმედი აქვთ, რომ დაბრუნდებიან, მომავალს იმედით უყურებენ და სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, მშვიდობიანი, ერთიანი, გამთლიანებული, ცივილიზებული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
დღეს, როგორც არასდროს „ვარდების რევოლუციის“ იდეები არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ რაც ჩვენ შევძელით, მომავალში გაგრძელდეს, რაც ვერ შევძელით და სადაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ყველამ ერთად გამოვასწოროთ ერთობლივი ძალისხმევით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.