დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში, ღია კაფეების მეპატრონეების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება
თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი აცხადებს, რომ ღია კაფეების მეპატრონეებმა უნდა მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს და მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს.
როგორც გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, ღია კაფე-ბარებს დაკავებული აქვთ მუნიციპალიტეტის ტერიტორია, რითაც იზღუდება მოქალაქეების გადაადგილება.
„ჩვენ არ ვართ ამ საქმიანობის წინააღმდეგი, უბრალოდ მეპატრონეებმა იჯარასთან და ნებართვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა მოაწესრიგონ. ზედამხედველობის სამსახურს დღემდე არც ერთ ღია კაფეებზე წარმოება არ დაუწყია. ყველას ვაფრთხილებთ, რომ მიმართონ და მოაწესრიგონ დოკუმენტები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტების მეპატრონეები არ მიმართავენ მერიის სამსახურს, იძულებული ვიქნებით, ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გავატაროთ. დაჯარიმდებიან კონკრეტულ შემთხვევებზე. კონკრეტული შემთხვევები იქნება განხილული და ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მათ საქმიანობას ხელს არავინ ვუშლით. ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ითქვა, თითქოს რაღაცას ვზღუდავთ, არაფერს არ ვზღუდავთ. მიმართონ კონკრეტულ სამსახურებსა და მოაწესრიგონ დოკუმენტები”, – განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.
მისივე თქმით, თუ რომელიმე ობიექტის მეპატრონეს უკვე დაწყებული აქვს დოკუმენტაციების მოწესრიგება, მათ მიმართ არ იწყება სამართალწარმოება.
„არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. მათ უნდა მიუთითონ კვადრატულობა, რომელიც სურთ, რომ ღია კაფის მოსაწყობად აიღონ იჯარით, მიმართონ არქიტექტურისა და ქონების მართვის სააგენტოს, თუ რისთვის სჭირდება იჯარა, რის მოსაწყობად. ეს არის დოკუმენტური ჩამონათვალი და ყველასთვის მარტივია პროცესის დაწყება. მიზანი არ არის ჯარიმა, მიზანი არის ერთად გავუფრთხილდეთ ქალაქს და მოვაწესრიგოთ მუნიციპალურ ტერიტორიაზე განთავსებული ღია კაფეები”, – განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია ტიპის კაფე-ბარების მეპატრონეებთან სათანადო ნებართვის მიღებისა და იერსახის წესრიგში მოყვანის მიზნით, აქტიური კომუნიკაცია დაავალა.