გიორგი ბაჩიაშვილი - როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები გარანტი, რომ თანაინვესტირების ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას
გვჯერა, რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. გიორგი ბაჩიუაშვილის კომენტარს ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ფონდის წარმატება ძლიერი გუნდის შედეგია.
„მოხარული ვარ, რომ წლების განმავლობაში ჩვენს შესანიშნავ გუნდთან ერთად გვქონდა საშუალება, დაგვეფუძნებინა და გვემართა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, მოგვეზიდა ინვესტიციები და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვეხორციელებინა. შემიძლია, თამამად განვაცხადო, რომ ფონდის წარმატება ძლიერი გუნდის შედეგია. ჩვენ მოვიზიდეთ ქართველი პროფესიონალები საერთაშორისო განათლებით და გამოცდილებით. მე ვამაყობ, რომ ფონდის შიგნით არსებობენ ისეთი პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ეფექტურ მართვას“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, იქნება გარანტი, რომ ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას თავისი მანდატის შესაბამისად.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან მთელ ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა, რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე. დღეის მდგომარეობით, ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს და მათში ჯამში დასაქმებულია ათი ათასამდე ადამიანი“, – აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მან ცოტნე ებრალიძეს ახალი გამოწვევების წინაშე წარმატება უსურვა.
თანაინვესტირების ფონდში ცოტა ხნის წინ
დაადასტურეს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ცოტნე ებრალიძემ შეცვალა, ხოლო ბაჩიაშვილი ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.