თანაინვესტირების ფონდში ადასტურებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
თანაინვესტირების ფონდში ადასტურებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განაცხადა.

ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ფონდის დაფუძნების დღიდან იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, დღეიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს და პასუხისმგებელი იქნება ფონდის მანდატის, შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებაზე და სხვა საზედამხედველო საკითხებზე.

„გიორგი ბაჩიაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რამდენიმე მათგანი უკვე დასრულებულიც არის და წარმატებით ოპერირებს“, – აცხადებენ ფონდში.

თანაინვესტირების ფონდის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ წინამორბედს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი ბაჩიაშვილს იმ სამუშაოსთვის, რაც მან ფონდისთვის ექვსი წლის განმავლობაში გასწია. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენს გუნდში რჩება და გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, ფონდის მმართველ გუნდთან ერთად მომდევნო წლების განმავლობაში წარმატებით დავასრულებთ დაწყებულ პროექტებს და წამოვიწყებთ კიდევ მრავალ ახალ მნიშვნელოვან პროექტს“, – აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

დღეს საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თანამდებობას ტოვებდა, ხოლო მის ადგილს ცოტნე ებრალიძე დაიკავებდა. ინფორმაციაზე კომენტირებისას ბაჩიაშვილმა განაცხადა: „არსად მივდივარ, შიდა ცვლილებები გვექნება მართვის სტრუქტურაში, არაფერი განსაკუთრებული“. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურ დადასტურდა.