გიორგი ბაჩიაშვილი - არსად არ მივდივარ, შიდა ცვლილებები გვექნება მართვის სტრუქტურაში, არაფერი განსაკუთრებული
არსად არ მივდივარ, შიდა ცვლილებები გვექნება მართვის სტრუქტურაში, რომელსაც პრესრელიზის სახით შეგატყობინებთ. არაფერი განსაკუთრებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თანამდებობას ტოვებს, ხოლო მის ადგილს ცოტნე ებრალიძე დაიკავებს. ებრალიძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდში ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების დირექტორია.
ამასთან, ბაჩიაშვილი სავარაუდოდ „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლებს.