გიორგი ასანიძე - თათია ლორთქიფანიძე არც ერთი მწვრთნელის მითითებას არ დაემორჩილა და სისტემატურად აცდენდა ვარჯიშებს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე არც ერთი მწვრთნელის მითითებას არ დაემორჩილა და სისტემატურად აცდენდა ვარჯიშებს, – ამის შესახებ საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომელმაც ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში თათია ლორთქიფანიძის არმონაწილეობის საკითხი განმარტა.
მისი თქმით, ყველას ვალდებულებაა, დაემორჩილოს შინაგანაწესს, რომელიც ფედერაციას გააჩნია.
„ჩვენ არავის ვატანთ ძალას. ის არც ერთ შეკრებას და არც ერთი მწვრთნელის მითითებას არ დაემორჩილა. იყო სისტემატური გაცდენა ვარჯიშებზე. მისი მდგომარეობა უკონტროლო გახდა. უფროსი მწვრთნელი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აქვს შანსი მოვიდეს აზრზე და გაიაზროს შენიშვნები. ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, შემდეგ ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღოს. თათია ლორთქიფანიძე ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვა. ეს მისთვის ცნობილი იყო 14 მარტს, როდესაც დასკვნით შეკრებაზე არ გამოცხადდა“, – განაცხადა გიორგი ასანიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მკაცრი დისციპლინური სასჯელის გამო ვერ მონაწილეობს ჩემპიონატში. მან ამ ფაქტს უსამართლობა უწოდა. პრეზიდენტმა ამ საკითხზე ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გაამახვილა ყურადღება. „როგორც ქალმა პრეზიდენტმა, არ შემიძლია, სინანული არ გამოვხატო, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ცნობილმა ქალმა ჩემპიონმა, თათია ლორთქიფანიძემ წელს მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, მიზეზით, რომელიც არც თუ ისე ნათელია. იმედი მაქვს, ეს დაკავშირებული არ არის ქალთა დისკრიმინაციასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გახსნის ღონისძიებაზე.
ბათუმში დღეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.