გიორგი არველაძე - კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარზე ორგანიზებული ვაჭრობის ზრდისა და რეგიონებში გასვლის ტენდენცია შეინიშნება
კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარზე ორგანიზებული ვაჭრობის ზრდისა და რეგიონებში გასვლის ტენდენცია შეინიშნება. აღნიშნული სექტორის კაპიტალიზაცია წელს 9.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. ორგანიზებული ვაჭრობის წილი კი 2024 წლისთვის დიდი ალბათობით, ბაზრის 41 პროცენტს დაიკავებს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ კორპორატიული დირექტორის მოადგილე გიორგი არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.
გადაცემაში კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზრის ტენდენციები განიხილეს, რომლის კვლევა და საინვესტიციო ანალიზიც საკონსულტაციო-ანალიტიკურმა კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ გუშინ გამოაქვეყნა.
არველაძის განცხადებით, აღნიშნული სექტორი, რომელიც თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, პირველად გასულ წელს გამოიკვლიეს, რადგან ამ სექტორის განვითარების ნიშნები მკაფიოდ გამოიკვეთა.
„თვითონ ბაზარი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წელიწადში დაახლოებით, შვიდი პროცენტით იზრდება და ჩვენი პროგნოზით მომავალშიც ეს ტემპი შენარჩუნდება, მაგრამ ბევრად უფრო სწრაფად იზრდება და ვითარდება და ამ ტემპს გააგრძელებს ორგანიზებული ბაზარი. შესაბამისად, არაორგანიზებული ბაზრის ორგანიზებული ბაზრით ჩანაცვლების ტენდენცია მიმდინარეობს“, – განაცხადა არველაძემ.
მისი განმარტებით, ორგანიზებული ბაზრის განვითარებაში ასევე იკვეთება ქსელური ბრენდული მაღაზიების მიერ ე.წ. ფრენჩაიზინგის მეთოდის გამოყენება, რაც წვრილი ტრადიციული მაღაზიების ბრენდის ქოლგის ქვეშ შეყვანას გულისხმობს.
დისკუსიის დროს ასევე აღინიშნა, რომ გამოკვლეულ სექტორზე ქსელური ანუ ორგანიზებული ბაზრის წილი, რაც დღეის მდგომარეობით 28 პროცენტს შეადგენს, 2024 წლისთვის სავარაუდოდ, 41 პროცენტამდე გაიზრდება. შეინიშნება რეგიონებში გასვლის ტენდენციაც. კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზებული ბაზრის პრაქტიკულად ყველა მოთამაშე მომავალ წელს რეგიონში განვითარებას გეგმავს.
„ახლა რეგიონების მხოლოდ 12 პროცენტია ათვისებული, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი თბილისში 54 პროცენტს შეადგენს. სხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს რეგიონებში ბაზარი 3-4 ჯერ უფრო დიდია, ვიდრე დედაქალაქში. კვლევამ აჩვენა, რომ ფასებში დიდი სხვაობა არ არის [თბილისსა და რეგიონს შორის], დაახლოებით 10-15 პროცენტიან სხვაობაზეა საუბარი, მაგრამ საკმაოდ დიდია პოტენციალი უშუალოდ ოჯახის ხარჯის კუთხით. მსყიდველუნარიანობა რეგიონში უფრო ნაკლებია, ვიდრე თბილისში, მაგრამ ოჯახის მიერ თვითონ სწრაფად ბრუნვად პროდუქციაზე გაწეული ხარჯი დაახლოებით იგივეა. შესაბამისად, მგონია, რომ რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს“, – განუცხადა გიორგი არველაძემ „ბიზნესპარტნიორს“.