გიორგი ანდრიაძე - საქართველოში ორპოლუსიანი სისტემა არსებობს და ჩვენი ქვეყანა კოაბიტაციურად ინგრევა
ჩვენი მთავარი მიზანია, პოლიტიკური არენიდან გავაძევოთ დანაშაულებრივი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოება ბოკერია-ბაქრაძის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც სამწუხაროდ, შალვა შავგულიძე წარმოადგენს, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, გიორგი ანდრიაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ჩვენი მიზანი არის ისევ და ისევ ქართველი ხალხის, მოსახლეობის ნებით. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მეორე დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სივრციდან გაწევა, რომელსაც ის მონოპოლიურად ფლობს, რომელმაც ქართულ საზოგადოებას იმედები გაუცრუა და რომელიც ქვეყნის ნგრევას აგრძელებს, რაც 25 წელიწადია, „მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობის პერიოდიდან დაიწყო“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ორპოლუსიანი სისტემა არსებობს და მათი მიზანი ამ ორპოლუსიანი სისტემის დანგრევაა.
„ეს ძალები ქვეყანას უშიშროების სამსახურების მიერ მართავენ და აკონტროლებენ პარტიულ ტელევიზიებს. მე მათ პარტიულ ტელევიზიებს ვუწოდებ. ეს პირდაპირ ჩანს. იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ პიარს უკეთებს მხოლოდ მის კანდიდატს, „იმედი“ კი „ქართული ოცნების“ კანდიდატს. საქართველოში ასეთი ორპოლუსიანი სისტემა არსებობს და ჩვენი ქვეყანა კოაბიტაციურად ინგრევა. ჩვენი მაზანია, ეს ორპოლუსიანი სისტემა დავანგრიოთ“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
როგორც ანდრიაძემ აღნიშნა, ამომრჩევლის 60% არსებულ პოლიტიკურ პარტიებს უნდობლობას უცხადებს და თუ მათი გააქტიურება-დაინტერესება და მიღებული ხმების დაცვა მოხერხდა, მაშინ ის გაიმარჯვებს.
„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას იმ დანაშაულებრივ პოლიტიკურ კლანებს, რომლებიც ქვეყანას 25 წლის განმავლობაში მართავენ.
„ჩემი მიზანი ეს იყო და ეს არის, რომ მთაწმინდელებს ეს ყველაფერი ავუხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ იგივე ტიპის ცხოვრებას და უფრო რეგრესულს, უფრო კატასტროფული მიმართულებით განვითარებულს, როგორშიც 25 წელიწადია ვცხოვრობთ. მთაწმინდელებში ამ პოტენციალს ვხედავ. ოღონდ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შევძლებთ ამ ხალხის გააქტიურებას, მაგრამ გააქტიურება მასმედიაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.