გიორგი ანდრიაძე - ნუგზარ ბაგრატიონისგან გენეტიკური ანალიზი პირადად არ აგვიღია, თუმცა სიხარულიძეებსა და ბაგრატიონებს შორის არანაირი კავშირი არ იკვეთება
საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ როდესაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა, მან სიხარულიძის გენეტიკური ანალიზიც უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებად.
გიორგი ანდრიაძის თქმით, სიხარულიძეებსა და ბაგრატიონებს შორის არანაირი კავშირი არ იკვეთება. საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად აუცილებელია ნუგზარ ბაგრატიონის თავისუფალი ნება და ასევე ნამარხი ძვლების ანალიზი.
„ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. პირადად ჩვენ ბატონი ნუგზარისგან არ აგვიღია ანალიზი. შვამპი, რომელიც კვლევისთვის იყო გამოყოფილი, ნუგზარ ბაგრატიონთან წაიღო შუამავალმა პიროვნებამ და მოგვიტანა მისგან აღებული ანალიზი. ანალიზი გაიგზავნა ამერიკულ ლაბორატორიაში, ტეხასში. ანალიზის აღების მომსწრე არ ვარ, მაგრამ ეს ჩვენი შეთავაზება იყო და ის დათანხმდა. არანაირი ეჭვის საფუძველი არ მაქვს, რომ ეს ნამდვილად მისი ანალიზია“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ ორი დღის წინ სასამართლოში, სამეფო ოჯახის წევრების დავაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არ არის ბაგრატიონი და ის სიხარულიძეა. ადვოკატის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ საპატრიარქომ შესაბამისი დნმ კვლევა ჩაატარა.