გიორგი ანდრიაძე დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ითხოვს
გიორგი ანდრიაძე დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით ოთხმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც კულტურული ძეგლის საკითხზე მხარეების საბოლოო შეთანხმებას მოახდენს. მისი თქმით, კომისია ორი ქვეყნის – საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან საერო და სასულიერო პირებით უნდა დაკომპლექტდეს.

„აზერბაიჯანის მხარეს ეს ტერიტორია, ისტორიული საინგილო და ჰერეთის ნაწილი მიაჩნია ალბანური კულტურის ძეგლად და მის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს თავს. პრობლემა განა მარტო იმაშია, რომ ისინი არ უშვებდნენ მომლოცველებს მონასტერში, არამედ იმაში, რომ მათ არასწორი წარმოდგენა აქვთ ამ ყველაფერზე. საჭიროა შეიქმნას კომისია, სადაც შევლენ როგორც სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლები, ასევე ორივე ქვეყნის სასულიერო პირები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა გაირკვეს, თუ ვისი არის დავით გარეჯი.

ყველა მოქმედი და არამოქმედი ტაძარი ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას. ეკლესიაზე კონფლიქტის ტვირთი არ უნდა გადავიდეს. ხელისუფლება ვალდებულია, თავად აწარმოოს მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან. ჩვენს პატრიარქს კარგი ურთიერთობა აქვს იქაურ მუსულმანთა თემთან და მის ხელმძღვანელთან. ორმხრივი ინტერესია, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.