გიორგი ამილახვარმა სკოლის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრები დაიწყო.
განათლების სამინისტროს ცნობით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც 150-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა, მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხები, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების განვითარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.
სკოლის პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.