გიორგი ამილახვარმა საგნობრივ ექსპერტებთან ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე ახორციელებს მასშტაბურ რეფორმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას.
რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასკოლო საგნების სტანდარტების გადახედვასა და განახლებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მინისტრმა უშუალოდ საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია რევიზიის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლების ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა. ვინაიდან სახელმძღვანელოების მომზადება სწორედ საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე ხდება, ზოგადი განათლების რეფორმის პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ყველა საგნის სტანდარტი შესაბამისობაში იყოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.