გიორგი ამილახვარმა იაპონიის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს, ჰიდეკი იშიძუკას უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.
განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ იაპონიასა და საქართველოს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებთ, რის თვალსაჩინო მაგალითსაც ბოლო წლებში საქართველოს განათლების სისტემაში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა წარმოადგენს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სკოლამდელი განათლების საფეხურზე მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
გიორგი ამილახვარმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და იაპონიის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მხარეები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას სტუდენტებისა და მკვლევრების მხარდასაჭერად მათთვის კიდევ უფრო მეტი გაცვლითი პროგრამებისა და სხვა შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.
თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.