გიორგი ამილახვარი - მოცემულობას თუ ვიღებთ, რომ დევით კრამერს უყვარს საქართველო და, მეორე მხრივ, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ივანიშვილის სანქცირებისკენ, ასეთი ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება
გიორგი ამილახვარი - მოცემულობას თუ ვიღებთ, რომ დევით კრამერს უყვარს საქართველო და, მეორე მხრივ, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ივანიშვილის სანქცირებისკენ, ასეთი ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება

მოცემულობას თუ ვიღებთ, რომ დევით კრამერს უყვარს საქართველო და ის თავს ესხმის პირდაპირ და მოუწოდებს ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, ასეთი ტოლობის ნიშნის დასმა უბრალოდ არ შეიძლება, ეს უხერხულია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ამილახვარმა კომენტარი გააკეთა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს“.

როგორც ამილახვარმა განაცხადა, ადამიანს თუ უყვარს საქართველო და ის, მეორე მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს, ამის გაგება ქართველი ხალხისთვის შეუძლებელი იქნება.

„საზოგადოებას ვერ ავუხსნით ჩვენ, რომ ვინმეს უყვარს საქართველო და, მეორე მხრივ, ეს ადამიანი მოგვიწოდებს ჩვენ და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები, იმ ადამიანს, რომელიც სრულად ჩამოშორებულია პოლიტიკას, არანაირი ბიზნესსაქმიანობა არ გააჩნია საქართველოში, მეტიც, საზოგადოებრივი ცხოვრების ჩრდილშიც კი არის გადასული. საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და მაინც მიზანმიმართულად მიდის მორიგი იერიში, რომ როგორმე ჩირქი მოსცხონ ამ ადამიანს და მთლიანად საქართველოს. ასეთი რამ, ასეთი შეფასება უბრალოდ არ შეიძლება – ჩვენ ქართველ ხალხს ვაკადროთ, რომ ადამიანს უყვარდეს საქართველო და ის, მეორე მხრივ, მოუწოდებდეს ბიძინა ივანიშვილის სანქციებისკენ, ეს უბრალოდ უხერხულია. მეტ კომენტარს ალბათ ამაზე ვერც გავაკეთებთ“, – განაცხადა ამილახვარმა.