გიორგი ამილახვარი იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-მდე მასწავლებელს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრმა ამჯერად სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-მდე მასწავლებელთან გამართა და მათგან პირადად მოისმინა მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებს.
გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც მათი მაქსიმალური ჩართულობით სქემის დახვეწას გულისხმობს.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მასწავლებლების სამუშაო პირობები, მათი პროფესიული პრესტიჟის ამაღლება და ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს მასწავლებლის პროფესიის ირგვლივ, საკმაოდ დეტალური მსჯელობა კარიერულ სქემასთან და სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. მოვისმინე მათი ძალიან საინტერესო მოსაზრებები და დავპირდი, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ სასწავლო გარემოს, მასწავლებლის პირობების გასაუმჯობესებლად, იქნება მათი ჩართულობით, უკუკავშირის შედეგად და მათი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ამილახვარმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით სკოლის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულ რეჟიმში გააგრძელებს.