გიორგი ალიბეგაშვილი - მოხარული ვიქნები, თუკი პირველი არხი გახდება ნიმუში იმისა, რომ ქართულად კარგად ლაპარაკი გახდეს პრესტიჟული
მოხარული ვიქნები, თუკი პირველი არხი გახდება ნიმუში იმისა, რომ ქართულად კარგად ლაპარაკი გახდეს პრესტიჟული, – განაცხადა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ.
გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, შეხვედრაზე სახელმწიფო ენასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა პირველი არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან და არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძესთან. ეს შეხვედრა შეეხებოდა ქართულ ენას, სახელმწიფო ენას. სახელმწიფო ენა, ეს არის ქართველი ადამიანის, ჩვენი ქვეყნის თვითიდენტობის პირველი საფუძველი და ბუნებრივია, მას უნდა მიხედვა, პატრონობა და ყველას კარგად მოეხსენება, მედიასაშუალება რა როლს თამაშობს ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებული აქცენტი, სხვადასხვა საკითხთან ერთად, გაკეთდა სპორტულ ჟურნალისტიკაზე, ვინაიდან უამრავი ახალი ტერმინი ჩნდება, ზოგი ძველად დამკვიდრებული ქართული სიტყვების ჩანაცვლებას ცდილობს, ბუნებრივია, ამას გაკონტროლება სჭირდება. აქედან გამომდინარე, საკითხებია, რომლებიც დაგროვდა და ეს ძალიან ბევრი მიმართულებით გამოიხატება – პოლიტიკოსი იქნება ეს, ჟურნალისტი თუ ჩვეულებრივ გადაცემაში მონაწილე; ბუნებრივია, ამას გარკვეული არაზეწოლის ფორმა, არამედ მაგალითის მიცემის ფორმა დასჭირდება და მოხარული ვიქნებით, თუკი პირველი სამაუწყებლო არხი გახდება სხვებისთვის ნიმუში და მაგალითი იმისა, რომ ქართულად კარგად ლაპარაკი გავხადოთ პრესტიჟული. სწორედ ამას მიეძღვნება ჩვენი მომავალი მემორანდუმი. მოხარული ვარ, რომ არ პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, მოსახლეობაც თავის აქტიურ პოზიციას გამოხატავს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს გამართეს. შეხვედრის მიზანი მედიაში დამკვიდრებული ტიპური შეცდომების, ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ქართული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა.
შეხვედრაზე არხის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობა დაგეგმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ არხსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.