გიორგი ახვლედიანი - რეკლამა თამაშზე დამოკიდებულების ერთგვარი პროპაგანდაა, რომელიც ამ მანკიერ თვისებას აღვივებს
რეკლამა თამაშზე დამოკიდებულების ერთგვარი პროპაგანდაა, რომელიც ამ მანკიერ თვისებას აღვივებს და გარკვეულწილად, ხელს უწყობს მისით დაინტერესებას, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„შესაბამისად, ეს ადამიანებზე მუდმივი ზემოქმედების კონტექსტია, რომ შენ შეგიძლია, ძალიან მცირე თანხით ძალიან ბევრი თანხა მოიგო. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებს ძალიან სერიოზულად ხიბლავს, მით უმეტეს, ჩვენ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში და შემდეგ, ყველაფერი კატასტროფამდე მიდის. რეკლამა ალბათ, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ნაწილია, მაგრამ რეკლამის აკრძალვა ამ თვალსაზრისით, სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუნდაც, ახალი მოთამაშეების, თამაშზე დამოკიდებული ახალი ადამიანების გაჩენის პრევენცია“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, დღეს ძალიან რთულია იმაზე საუბარი, ზუსტად რა პროცენტულ შედეგებზე გავალთ, მაგრამ ეს არის თემა, რომლის საზოგადოებაში პროპაგანდირებაც არ შეიძლება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მდგენელებს შეიძლება დავეყრდნოთ ეკონომიკური სარგებლის გარდა, როცა საუბარია იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა შეიზღუდოს, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ როცა რეკლამის შეზღუდვაზეა საუბარი, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ კაზინოსთან მიმართებაში, ისეთი რეგულაციის შემოღება, რომ ეს ყველაფერი „გორდიას კვანძივით“ გადავჭრათ, მოვაშოროთ და გავაქროთ, პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„არ მგონია, ეს პრობლემას აგვარებდეს. ჩვენ გვახსოვს საქართველო, სადაც მაგალითად, აზარტული თამაშები ლეგალიზებული არ იყო, მაგრამ აზარტული თამაშები არსებობდა, ძალიან დიდი მასშტაბით და იატაკქვეშეთში. იგივეა ტოტალიზატორიც. თუ ტოტალიზატორს ავკრძალავთ, მას ვერ გავაქრობთ და იატაკქვეშეთში იქნება. იატაკქვეშეთში კი იმას ნიშნავს, რომ კრიმინალური სფეროს განკარგვაში და შავი ფულის კონტექსტში იყოს. ამიტომ, ამ თემას ასე, ერთი ხელის მოსმით ვერ გავაქრობთ. იმიტომ, რომ უბრალოდ, თემა არ გაქრება“, – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს გამოაცხადა, რომ კაზინოები თბილისიდან წყალტუბოში გადავიდოდა და წყალტუბო აყვავდებოდა, მაგრამ ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და მათი მხრიდან ეს თავიდან ბოლომდე პოპულიზმი იყო.
ამ განცხადებით გიორგი ახვლედიანმა გადაცემაში სტუმრად მყოფ „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ წყალტუბოსთვის აზარტულ თამაშებზე შედარებით დაბალი გადასახადი შემოიღო და 2013 წელს წყალტუბოში ერთ-ერთი დიდი ბრენდის შემოყვანაზე იყო საუბარი, მაგრამ როცა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოში კაზინოების შესაძლო აკრძალვის შესახებ განაცხადა, ინვესტორები გაიქცნენ და წყალტუბოს გაჩერების ერთ-ერთი მიზეზი ეს არის“.
გიორგი ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ სრულად ჩამოყალიბებული არ არის, იქნება თუ არა კაზინოების დედაქალაქიდან გატანა ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ შეიძლება, მსჯელობა გაიმართოს და გადაწყვეტილება კვლევებზე დაყრდნობით იქნას მიღებული.