გიგი წერეთელი - საქართველოს მეგობრების ინიციატივაა, შეიქმნას კიდევ უფრო აქტიური ინტეგრაციის მომავალი 10-წლიანი პროგრამა
ვფიქრობ, „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივას ევროპარლამენტში სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც უნდა შეუერთდნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ევროკავშირში მომზადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოს მეგობრების ინიციატივაა, შეიქმნას კიდევ უფრო აქტიური ინტეგრაციის მომავალი 10-წლიანი პროგრამა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10-მა წლისთავმა გარკვეული შედეგები, რა თქმა უნდა, მოიტანა. ეს არის თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ეს არის უვიზო რეჟიმი. მაგრამ ახლა საჭიროა უფრო სერიოზული ინტეგრაცია და სწორედ ეს არის საქართველოს მეგობრების და მხარდამჭერების ინიციატივა, რომ შეიქმნას კიდევ უფრო აქტიური ინტეგრაციის მომავალი 10-წლიანი პროგრამა. ეს არის ჯერ-ჯერობით ინიციატივა, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა გაახმოვანეს ევროპარლამენტში და, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთი პარტიის სურვილი, არამედ მას სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც შეუერთდებიან. ალბათ აქ ქართულმა მხარემ თავისი მოსაზრებები უნდა წარმოადგინოს. ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ეს შედგება, იქნება კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ საქართველოს რეალური, უფრო სწრაფი პროცესი ევროპაში გაერთიანების“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, საქართველომ შიდა პოლიტიკურ საკითხებს უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება, რათა საქართველოს მხარდაჭერა არ განელდეს.
„თავისთავად ინსტრუმენტი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როგორ მოიხმარ ამ ინსტრუმენტს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, ახლანდელმა თუ მომავალმა, უნდა ისარგებლოს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით აქვს მხარდაჭერა. ამიტომ საქართველომ შიდა პოლიტიკურ საკითხებს, დემოკრატიის კონსოლიდაციას, არჩევნებს და სხვას, უნდა მიაქციოს ძალიან დიდი ყურადღება იმისათვის, რომ საქართველოს მხარდაჭერა არ განელდეს და საქართველო არ იყოს დღის წესრიგიდან გვერდზე გაწეული“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ.