გიგი წერეთელი - „ქართული ოცნების“ მავნე ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს
ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსმენები, რა თქმა უნდა, არანაირად არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მახასიათებელია, რამდენად მავნებელი ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
„ამგვარი ფაქტი, ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსმენები, რა თქმა უნდა, არანაირად არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება ამ მოსმენების წარმოება ქვეყნის საზიანოდ. იმის მაგივრად, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩს იბარებდნენ და ხვდებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ახალ პროექტებზე, ქვეყნის დახმარებაზე და ასე შემდეგ, ხვდებიან ასეთ საკითხზე გასაკიცხად, საყვედურისთვის, კითხვების დასასმელად, თუ რატომ ხდება ასეთი რამ საქართველოში, რაც არის დარღვევა არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის, არამედ ფორმალურად კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულების, რაც არის საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობისა. ეს კიდევ ერთი მახასიათებელია, თუ რამდენად მავნებელი ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა წერეთელმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.
საკითხის ირგვლივ საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს