გიგი წერეთელი - ხელისუფლებისგან გონივრულს ალბათ ვერაფერს მივიღებთ, უნდა ესმოდეთ, ამ გადაწყვეტილებებითა და ოპერირებით რამხელა დარტყმას აყენებენ არა რომელიმე პოლიტიკოსს და პარტიას, არამედ ქვეყანას
ხელისუფლებისგან გონივრულს ალბათ ვერაფერს მივიღებთ, უნდა ესმოდეთ, ამ გადაწყვეტილებებითა და ოპერირებით რამხელა დარტყმას აყენებენ არა რომელიმე პოლიტიკოსს და პარტიას, არამედ ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მძიმეა იმის განცდა, რასაც თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ, „როგორ ცდილობენ ამ პროცესისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას“.
„ხელისუფლებისგან ვერაფერ გონივრულს ალბათ ვერ მივიღებთ. ძალიან მძიმეა იმის განცდა, რასაც ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში როგორ ცდილობენ ამ პროცესისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რამხელა დარტყმას აყენებენ არა რომელიმე პოლიტიკოსს, არა რომელიმე პარტიას, არამედ ქვეყანას მთელი ამ გადაწყვეტილებებით, რომელიც აქვთ და მთელი ოპერირებით, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას.
როგორც ექიმი გიპასუხებთ, რომ ეს შეესაბამება იმ პროტოკოლებს, რომელიც არსებობს შიმშილობასთან დაკავშირებით. შიმშილობა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ვიღაცამ თავი უნდა მოიკლას, ეს არ არის სწორი გაგება. შიმშილობა ნიშნავს, რომ ადამიანი ამ პროტესტით ყურადღებას იქცევს და ცდილობს, თავისი სატკივარი რაღაცნაირად გადაწყვიტოს, ეს არის, უმეტეს შემთხვევაში, შიმშილობის ფორმები. შიმშილობა არის პროტესტი. როგორც პოლიტიკოსი გიპასუხებთ იმას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, ყველა წითელ ხაზს სცდება და არის იმ სიძულვილის კამპანიის ნაწილი, იმ დაპირისპირების, იმ ოპონენტების გაშავების, რასაც მუდმივად ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ამასთან, გიგი წერეთელმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც“.
„სუს-ის განცხადებები თანხვედრაშია იმ სისტემური ხედვის, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს და მუდმივად აპელირებს რევოლუციაზე, მტრის ხატზე და სხვა. როდის იყო და რომელ რევოლუციაზე ყოფილა საუბარი. ოპოზიციისგან გვესმის, რომ ისინი იბრძოლებენ და ჩვენ, ოპოზიცია ვიბრძოლებთ კონსტიტუციური მეთოდებით და ისინი კანონიდან არგასვლით, მაგრამ პრინციპულად და მწვავედ. ეს უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, როცა ასეთ ნაბიჯზე მიდის. იქნება ეს არჩევნების მანიპულირება, თუ ოპონენტებისადმი ასეთი დამოკიდებულება, პატიმრები და ა.შ. ოპოზიციის წინააღმდეგ ინსინუაციები არის გამოგონილი. ბევრჯერ მოგვისმენია და არასოდეს ამას არც გაგრძელება, არაფერი არ ჰქონია. რაც შეეხება შეჭრას, არ გამიგია ვინმესგან შეჭრა. რაც შეეხება პიკეტირებას ან სხვა ტიპის მანიფესტაციას, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, ეს დაშვებულია და ხდება მსოფლიოს ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, როცა არსებობს პროტესტის საფუძველი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.