გიგი წერეთელი - ხელისუფლება არა ანგარიშის წყაროებს, არამედ საქართველოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიზეზებს უნდა ებრძოლოს
სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კიდევ უფრო გამწვავებულია არჩევნების, მედია გარემოს და სხვა საკითხების შეფასება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა მწვავეა და მიამიტურია განცხადებები, რომ დეპარტამენტს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მხოლოდ ერთი წყაროდან აქვს.
„განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ტრადიციულ საკითხებთან ერთად, რაც ადამიანის უფლებებს ეხება, კიდევ უფრო გამწვავებულია განსაკუთრებით არჩევნების შეფასება, ასევე მედია გარემო, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ახლა იმის თქმა, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მხოლოდ ერთი წყაროსგან აქვს და ამაში არასამთავრობო სექტორი დავადანაშაულოთ, რა თქმა უნდა, ძალიან მიამიტურია. ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია და მას ბევრი წყარო ჰყავს. ხელისუფლება ამ წყაროებს კი არ უნდა ებრძოლოს, არამედ მიზეზებს უნდა ებრძოლოს, რატომ არის კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო მხარდაჭერა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში ნებისმიერი გონიერი ხელისუფლებისთვის კარგი მგზამკვლევია.
„მწვავე დასკვნები და კრიტიკული შეფასება არასდროს იქონიებს კარგ გავლენას, კარგ გავლენას იქონიებს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინახავენ, რომ ნაბიჯები იდგმება გამოსასწორებლად. თავის მოტყუება არ უნდა იყოს. უნდა იყოს ბრძოლა იმ მიზეზების გამოსასწორებლად, რაც ანგარიშში მოხვდა. ეს ძალიან კარგი გზამკვლევია ნებისმიერი გონიერი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა. ანგარიშში საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც არის შეფასებული.