გიგი წერეთელი - ეუთო-ში ლავროვთან შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე
გიგი წერეთელი - ეუთო-ში ლავროვთან შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე

ეუთო-ში სერგეი ლავროვთან შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე, – ამის შესახებ პირველ არხს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა განუცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, შეხვედრაზე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.

„სხვა შეხვედრებთან ერთად, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მქონდა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ეხებოდა კონკრეტულ თემას. რუსეთთან ეუთო ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობს. რუსეთი ეუთო-ს წევრია, თუმცა მინდა ასევე გითხრათ, რომ ეუთო-ს საერთო საკითხების გარდა, ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოზე, რუსეთის მიერ იმ პრინციპების დარღვევაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც არის ჩვენს ურთიერთობებში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და ადამიანის უფლებებს. შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე. არ შემიძლია დეტალებზე ვისაუბრო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მას არ უთქვამს, რომ პრობლემები არ არის და ჩვენ არ გვიდავია ამ საკითხებზე. პრობლემები არსებობს, მაგრამ ეუთო-ს ფილოსოფიაა, რომ გვჭირდება დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა, რომ მთავარია ჰელსინკის პრინციპები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელი სერგეი ლავროვს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა.