გიგი უგულავა - ყველამ გვერდზე გადადოს ემოციები, ერთმანეთის მოწონება-არმოწონება, გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ
გიგი უგულავა - ყველამ გვერდზე გადადოს ემოციები, ერთმანეთის მოწონება-არმოწონება, გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ

ძალიან მაღლა არის თამასა აწეული. ორ კვირაში ღარიბაშვილს მოუწევს ასოცირების სხდომაზე კონკრეტული რეზულტატის ჩვენება, ბატონი მიშელის მხრიდან ეს გუშინ ღიად და საჯაროდ ითქვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, „კონსტრუქცული იქნება ხელისუფლება, თუ მთავარ – პოლიტპატიმრების საკითხს დაძრავს“.

„ამით ანახებს საზოგადოებას, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი და არა მდინარაძის საშუალებით მორიგი მონოლოგები ვისმინოთ. ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. გავა ორი კვირა და თუ ღარიბაშვილი ხელცარიელი ჩავიდა ბრიუსელში, „ოცნება“ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ამიტომ ახლა ყველამ გვერდზე გადადოს ემოციები, ნერვები, ასევე, გვერდზე უნდა გადაიდოს ერთმანეთის მოწონება-არმოწონება და გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ.

რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრულ დღის წესრიგში. დღის წესრიგში შედის ექვსი საკითხი. აქედან ყველაზე საკამათო, სადავო, სადისკუსიო სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხია. თუ დღეს ნათქვამი სიტყვა ბატონი ღარიბაშივლის მხრიდან არის საბოლოო, მას მოუწევს ამ საბოლოო სიტყვის თქმა ასოცირების სხდომაზე, როდესაც წაბრძანდება ბრიუსელში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა სპირალში შევა, რადგან ამ შემთხვევაში მისი ოპონენტი იქნება არა ბატონი პავილიონისი, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ჯვარს აცვა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ უკვე იქნება ევროსაბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც პირად კონტროლზე აიყვანა პოლიტიკური კრიზისი.

მე მაინც უფრო ოპტიმისტი ვიქნებოდი. ეს რიტორიკა უფრო მიმართულია საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებისკენ. აქედან გამომდინარე, დიალოგს აზრი ექნება, დიალოგის გარეშე არ გამოვა, ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ დიალოგის მაგიდასთან დასხდომა და ამ საკითხების განხილვა. მაშინ, ვაჟკაცობაც და სხვა თვისებებიც უნდა ყოფნოდა ბატონ პრემიერ ღარიბაშვილს, გუშინვე ეთქვა ბატონი შარლისთვის, ჩემო ბატონო პრეზიდენტო, მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება აქციებს, უგულავას განმარტებით, თუ რეალურად დაიწყება დიალოგი, სამოქმედო გეგმაში კორექტივებს შეიტანენ.

„ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული. მეტსაც გეტყვით, აქტივისტებს პირი არ ჰქონდათ გაღებული, აკავებდნენ. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ხელოვნურად გააკეთეს, რათა შემდეგ ღარიბაშივლს კვლავ გინების და ფურთხების ტირადა გაეკეთებინა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან გუშინ სხვანაირი რიტორიკა ჰქონდა. ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ვინმე შეიძლება მოატყუოს. არც ქვეყანაა ჩალით დახურული და არც მსოფლიო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.