გიგი უგულავა - ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეთა სახელები და გვარები იქნება სოციალურ ქსელებში, გაიკვრება ყველა ბოძზე
ჩვენ უკვე ვმუშაობთ მათ სახელებსა და გვარებზე, ვინც ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა, რადგან წავიდა ის დრო – ახლა ხელისუფლებები შეიცვლება და ჩვენ ყველას გამოვადგებით, ვინც არის ვანდალი, ის არასდროს იქნება სახელმწიფო სამსახურში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, „ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეთა სახელები და გვარები იქნება სოციალურ ქსელებში, ყველა ბოძზე გამოკრული“.
გიგი უგულავას შეფასებით, „გამოსავალი არის არა მარტო ხელისუფლების ცვლილება, არამედ თითოეული იმ ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა, ვინც ხელს აწერს ვანდალიზმს“.
„ჩვენ უკვე ვმუშაობთ მათ სახელებსა და გვარებზე, ვინც ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა. წავიდა ის დრო, თუ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებები შეიცვლებიან და ჩვენ ყველას გამოვადგებითო. არა, ვინც არის ვანდალი, ვინც ასეთ რაღაცაზე მოაწერს ხელს, უნდა იცოდეს, რომ მას ექნება მგლის ბილეთი და არასდროს იქნება სახელმწიფო სამსახურში, რადგან ის არის მონა. ჩვენ სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება ადამიანი, ვინც სახელმწიფოს, ხალხს ემსახურება და არა ერთ ვიგინდარა მილიარდერს. მათი სახელები და გვარები იქნება სოციალურ ქსელებში, სირცხვილის ბოძებზე, ყველა ბოძზე იქნება მათი გვარი გამოკრული.
ყველა ადამიანი, ვინც ვანდალია, უნდა იცოდეს მისმა მეზობელმა, ახლობელმა და მეგობარმა, რადგან ეგრე არ არის, წავა სახლში, მიუჭახუნებს, საქართველოს სადღეგრძელოს დალევს, მანამდე სადღაც საქართველო ფეხქვეშ გათელე, მაშინ, როცა გუშინ ხუთ პოლიციელს ხმა რომ ამოეღო და ეთქვა: მეგობრებო, პოლიტიკური პრობლემა პოლიტიკოსებმა მაგიდასთან გადაწყვიტეთ, ჯოხების და ცხვირ-პირის მტვრევით პოლიტიკური პრობლემა არ გვარდება, ჩვენ, პოლიცია ვართ იმისთვის, რომ ვებრძოლოთ კრიმინალს და არა თქვენი პირადი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად შევიჭრათ ოფისში, ველურობა ჩავიდინოთ.
ვისკენაც არ უნდა ვიყოთ, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანამ დღეს გაიღვიძა გაცილებით უკან, ვიდრე ვიყავით გუშინ, ამაზე პასუხისმგებლობა აქვს არა მარტო ივანიშვილს და ღარიბაშვილს, არამედ იმ რიგით პოლიციელსაც, რომელსაც, თუ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ხმა უნდა ამოეღო და ეთქვა თავისი უფროსისთვის, რომ ამ სიგიჟეს, ვანდალიზმის, ამ ველურობას არ ჩავიდენო.
მაშინ პოლიცია შედგებოდა, როგორც დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზმი და დღეს ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად ჩმორი, ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია. არავის პირადი გვარდია არ გახდება, ეს კარგად უნდა იცოდეს. ყველა ხელისუფლების დროს იყო ეს პრობლემა, მაგრამ ასეთი რამ არავის გაუკეთებია, ამიტომ გამოსავალი არის არა მარტო ხელისუფლების ცვლილება, არამედ თითოეული იმ ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა, ვინც ხელს აწერს ველურობას და ვანდალიზმს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.