გიგი უგულავა - უნდა ველოდოთ ყველაფერს, რის უფლებასაც კანონი გვაძლევს, პიკეტი, მანიფესტაციები, „ოცნების“ დეპუტატების, მაღალჩინოსნების ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს
გიგი უგულავა - უნდა ველოდოთ ყველაფერს, რის უფლებასაც კანონი გვაძლევს, პიკეტი, მანიფესტაციები, „ოცნების“ დეპუტატების, მაღალჩინოსნების ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, არნახული საერთაშორისო მხარდაჭერაა პირადად ნიკა მელიას მიმართ, ასევე ხედავენ უდიდეს შეშფოთებას ზოგადად ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დკაავშირებით.

თუმცა, უგულავას თქმით, ქართველი ხალხის პროტესტის გარეშე არაფერი გამოვა.

„ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის, როდესაც აქ ჩვენ ვაპროტესტებთ, ვაპროტესტებთ უკუსვლას, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, იმას, რომ ქვეყანა შინაარსობრივად ემსგავსება რუსეთს და ბელორუსს. ამიტომ აქაური, ჩვენი ხალხის პროტესტის გარეშე, სამწუხაროდ, არაფერი და ვერაფერი მოხდება, განცხადებები დარჩება განცხადებებად, თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ, არ ვიყავით აქტიურები, არ იყო პროტესტი, რადგან სწორედ ეს პროტესტი შემდეგ ჰპოვებს საერთაშორისო მხარდაჭერას, ეს წნეხი შემდეგ ბუმერანგივით უბრუნდება ხელისუფლებას. ასე მუშაობს პოლიტიკა შიგნით, ასე მუშაობს პოლიტიკა გარეთ. ისეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გადავიდა ყველა წითელ ხაზს, როდესაც ვანდალიზმი ამ ხელისუფლების ჩვეული ცხოვრების წესი გახდა, როდესაც მილიონზე მეტ ადამიანს გადააქცევ შენს ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ, აუცილებლად მიიღებ მწვავე პროტესტს. პროტესტი იქნება უმწვავესი, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც არა ვინმეს აკვიატებას, არამედ ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალს ასეთი კრიზისული სიტუაციიდან.

უნდა ველოდოთ ყველაფერს, რის უფლებასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს,  პიკეტი, მანიფესტაციები, ყველა ქალაქში, სადაც შესაძლებელია, ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, რადგან ეს არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ აქ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები უნდა ვიყოთ, ამ ფუფუნებას ვერ მიიღებთ. ამიტომ, ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ იმ სამარცხვინო ქმედებისთვის, რაც ჩაიდინეს მათ, უკვე მეორედ დაიჭირეს, საკუთარი კოლეგა ციხეში გაუშვეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად, სირცხვილის ბოძზე გამოკრული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.