გიგი უგულავა - სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია იმის გაფერმკრთალება, რაც ხალხმა ბრძოლითა და საკუთარი სისხლის ფასად მოიპოვა
მინდა, ყველა ჩემს კოლეგა ოპოზიციონერს მოვუწოდო, სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია იმის გაფერმკრთალება, რაც ხალხმა ბრძოლითა და სამწუხაროდ, საკუთარი სისხლის ფასად მოიპოვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
ამასთან, უგულავას განცხადებით, ის ყველას აზრს პატივს სცემს.
„ყველას თავისი აზრის ქონის უფლება აქვს. ყველას აზრს პატივს ვცემ. ასევე, მინდა, ყველა ჩემს კოლეგა ოპოზიციონერს მოვუწოდო, ის, რაც ხალხმა ბრძოლითა და სამწუხაროდ, საკუთარი სისხლის ფასად მოიპოვა ამის გაფერმკრთალება სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია.
რიგგარეშე არჩევნები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ამასთანავე, პროპორციულზე გადასვლა საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს თავისი პროცედურები აქვს.
„ამიტომ, როდესაც პარლამენტში ამ ეტაპზე გადავალთ, საუკეთესო შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები წლის ბოლოს ან გაისად შეიძლება მოესწროს. მოლოდინი იმისა, რომ 40 დღეში ან 39 დღეში არჩევნები ჩატარდება, არ გვაქვს, რადგან არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ახლა მთავარია, ჩვენ ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“, რომ დანაპირები შეასრულოს და უმოკლეს ვადებში მივიღოთ პროპორციული სისტემა და კანონმდებლობა. ასევე, ცესკო-ს დაკომპლექტების წესზე ვიმუშაოთ და საარჩევნო კანონმდებლობა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ. შემდეგ არჩევნების ჩასატარებლად ნებისმიერი თარიღი მისაღებია“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის აბსოლუტური სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი“.