გიგი უგულავა - შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა შეიცვალოს, რისთვისაც ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა შეიცვალოს, რისთვისაც ოპოზიციური პარტიები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
ამასთან, როგორც უგულავამ აღნიშნა, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ აიძულებენ ხელისუფლებას, 2020 წლის არჩევნები პროპორციულად ჩატარდეს.
„საქართველოს პარლამენტი 95 წლიდან შერეული სისტემით ირჩევა. შერეული სისტემა არის პროპორციული და პარალელურად მაჟორიტარული. ეს არის ყველაზე ცუდი, არადემოკრატიული და ყველაზე არაპრეზენტაბელური მოდელი, რომელიც იწვევს ყველა იმ ეკომონიკურ თუ პოლიტიკურ უბედურებას, რასაც 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ვხედავთ ქვეყანაში. ეს არის სისტემა, რომელიც გამარჯვებულ პარტიას აძლევს საშუალებას, მოიპაროს იმდენი ხმა, რომ გააკონტროლოს გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე მას რეალური აქვს მხარდაჭერა. ეს არის საკონსტიტუციო უმრავლესობის წყევლა, რომელიც გვქონდა და ახლაც გვაქვს, რაც იწვევს ფარცხალაძეების თარეშს, განუკითხაობას, რომ შეიძლება პარლამენტმა ვირი ზებრად მონათლო, რაც იწვევს იმას, ჩვენ რომ ვნახეთ – ტუალეტის ფურცელზე დაწერილი მოსამართლეების გვარები, რომელიც წინასაახალწლოდ „ხალადეცივით“ უნდა მოერთმია საზოგადოებისთვის კობახიძეს. ამ ყველაფრის შეცვლა გვინდა.
ჩვენ ვამბობთ და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომ პარლამენტი, ანუ რეალური ძალაუფლების წყარო უნდა აირჩეს პროპორციულად და პარტიებს უნდა ჰქონდეთ იმდენი ხმა პარლამენტში, რამდენი ადამიანიც უჭერს მხარს პროპორციულად.
შევაგროვებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას და დავანახებთ ხელისუფლებას, რომელიც ატყუებს საკუთარ მოსახლეობას. შეუძლებელია მოსახლეობა დაარწმუნო იმაში, რომ თუ რამე კარგი არის 2024 წელს, ის შეუძლებელია კარგი არ იყოს 2020 წელს. კონსტიტუციის მიხედვით 2024 წელს უკვე გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ დავდებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას და ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციულად“, – განაცხადა უგულავამ.