გიგი უგულავა - შარშან სამეგრელოში მხოლოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შეწამლეს, ფაროსანა კი რეგისტრაციას, კადასტრს და საზღვრებს არ ცნობს
შარშან სამეგრელოში მხოლოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შეწამვლა მოხდა, რამაც ის გამოიწვია, რომ ერთ კვირაში პროცესი წრეზე დაბრუნდა და ფაროსანამ სავარგულების ღრღნა განაგრძო, რადგან ეს მავნებელი რეგისტრაციას, კადასტრს და საზღვრებს არ ცნობს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„შედეგი, ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი თანხები იყო“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, თუ სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობას არ გამოაცხადებს და ფაროსანას, როგორც ეპიდემიას არ მოეკიდება, შედეგი არ იქნება მიღწეული.
„ერთი ადამიანი რომ თავის კარ–მიდამოს შეწამლავს, თუ გვერდზე კარ–მიდამო შეუწამლავი დარჩა, ეს შედეგს არ მოგვცემს, რადგან ფაროსანა იქ გადაინაცვლებს, პოპულაციას შეძლებს და უკან დაბრუნდება. ამიტომ, სამუშაოები კომპლექსურად უნდა ჩატარდეს და არა ერთჯერადად. ერთია ქიმიური დამუშავება და მეორე – უფრო გრძელვადიანი გამოსავალი. როცა კრაზანაზე საუბრობენ, ეს ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ბუნებაში ეკვალიბრიუმი არსებობს. კი ბატონო, შესაძლოა, ამ კრაზანამ ფაროსანა შეჭამოს, მაგრამ ფაროსანა რომ არ იქნება, სხვა რაღაცის შეჭმაზე გადავა. ეს საკითხი ტესტირების რეჟიმშია და ასე მარტივი არ არის“, – განაცხადა უგულავამ.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა სახის ცოცხალი ძალის გამოყენება უნდა მოხდეს.
„უნდა გამოვიყენოთ მოხალისეები, გამგეობის თანამშრომლები, ჯარი, პოლიცია. მათი დატრენინგება გაცილებით ადვილია. უნდა დატრენინგდეს ადგილობრივი მოსახლეობაც, რომლებსაც დამატებითი სტიმული უნდა მივცეთ, რომ მათ ირგვლივ მიტოვებული კარ–მიდამოების შეწამვლაზე შეფობა აიღონ“, – განაცხადა უგულავამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა „ევროპული საქართველო“ მზად ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის და რა ფორმით გეგმავს პარტია ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მთავრობასთან შედარებით, მათი შესაძლებლობები ლიმიტირებულია, მაგრამ მათ შეუძლიათ, საინფორმაციო კამპანიაში და შეწამვლით სამუშაოებში ჩაერთონ.