გიგი უგულავა - სენატორებმა თავიდან აღარ აგინეს, დავით ზალკალიანს უთხრეს, წაიკითხე წერილი და გინება იქ წერიაო
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ამერიკელ სენატორებსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სენატორებმა თავიანთი მწვავე, კრიტიკული პოზიცია, წერილების შემდეგ უკვე შეხვედრაზეც დააფიქსირეს.
„ადამიანი ადამიანს რომ შეხვდება, გასაგებია, რომ დედას არ შეაგინებს. სენატორები კვლავ შეხვდნენ ამ შემთხვევაში უკვე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს და უთხრეს, რომ ჩვენ პრემიერ გახარიას გამოვუგზავნეთ წერილი, შეშფოთების წერილი, ვადასტურებთ და გიმეორებთ კიდევ ჩვენს შეშფოთებას. ანუ თავიდან აღარ აგინეს, უთხრეს, რომ წაიკითხე წერილი და გინება იქ წერიაო. თუ ვინმეს არ ესმის და მაინცდამაინც დიპლომატიური ენის გაგონება არ უნდა, მაშინ ასე გაჭრილად ნიშნავს ამას.
ისევ ისეთივეა კრიტიკა, კრიტიკა არის ძალადობაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, დაპირებების შეუსრულებლობაზე. დარწმუნებული ვარ, ახლა უმრავლესობა რომ დამთავრდება, გამოვლენ და იტყვიან, დაპირებების არ შესრულება კი წერია, მაგრამ რა დაპირების, არ წერია. ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ სოლარიუმების ჩამორიგება არ უგულისხმიათ, არც სენატორებს ხომ? საუბარია იმაზე, რასაც ივანიშვილი პირდებოდა ხოლმე ხალხს“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ
რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას, რომ მიიღეს გარანტიები, საქართველოში ვითარება შეიცვლება, უგულავას თქმით, დავით ზალკალიანი არ არის ის ფიგურა, რომლის გარანტიებიც სერიოზულად შეიძლება, განიხილებოდეს.
„რაც შეეხება გარანტიებს, ვიყოთ გულწრფელები, ზალკალიანი არც იმ კალიბრისაა საკუთარ მთავრობაში და არც იმ გაქანებისაა დიპლომატიაში, რომ მისი გარანტიები ამ წუთას სერიოზულად განვიხილოთ. ჩვენ ძალიან ხშირად გვინახია, რომ მთავრობის წევრები იქნებიან, თუ უმრავლესობის წევრები, ასე მოშორებაზე არიან, იქ რაღაცას იტყვიან და შემდეგ ვეღარც დაიჭერ იმ სიტყვას, ოღონდ იქ გამოძვრეს და მეტი არაფერი უნდა. გარანტიებს ამ ქვეყანაში ივანიშვილი უნდა იძლეოდეს, რადგან რეალური მმართველი ის არის. გარანტიების მაგივრად, ეს ადამიანი ძალადობს, ამ ადამიანმა გათხვარა მართლმსაჯულების სისტემა და გადააგდო საკუთარი ხალხი.
ამიტომ ვნახავთ, რას გულისხმობს ბატონი ზალკალიანი, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ამერიკიდან, ევროპიდან, ამერიკულ და ევროპულ თავისუფალ პრესაში სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია ივანიშვილის ველურობის გამო ფუჭდება. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, რაში გვჭირდება ივანიშვილი, რომელიც ატყუებს საკუთარ ხალხს, რომელიც დაპირების მიუხედავად საკუთარ ფულს კი არ ხარჯავს, აქეთ ართმევს ფულს და შემდეგ თავის ბინძურ პროპაგანდაში იხდის. საბოლოო ჯამში ეს ადამიანი გახდა საერთაშრორისო თვალსაზრისით ქვეყნის სირცხვილი და ქვეყნის მუხრუჭი ეკონომიკის განვითარებისთვის. ამიტომ არაფერიში აღარ გვჭირდება ეს ადამიანი, რაც კარგად ჩანს ყველა წერილში. ყველა წერილი მიმართულია ტრამპისკენ ან ევროპის ხელმძღვანელებისკენ, რომ მიაქციეთ ყურადღება, საქართველო იკარგება, საქართველოში რუსეთი ძლიერდება, საქართველოში დემოკრატია მარცხდება და ოლიგარქია ვითარდება, აი ეს არის პათოსი იმისა, რაც ივანიშვილმა მოიტანა“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.