გიგი უგულავა - საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და სამყარო არ არის ჩალით დახურული, თუნდაც არც კორონავირუსით შებურული
შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და სამყარო არ არის ჩალით დახურული, თუნდაც არც კორონავირუსით შებურული.
„მე საერთოდ არ მსიამოვნებს, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, რადგან ამას თავისი ხიფათი მოსდევს, ამას თავისი მინუსები მოსდევს, ამას თავის პრობლემები მოსდევს ქვეყნისთვის. არ მაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს, რადგან მათი ქმედებიდან ეს არ გამომდინარეობდა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს, ვალდებულება უნდა შეასრულო, რადგან თუ ხარ ხელისუფლებაში, უნდა გესმოდეს, რომ საჭიროა ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამაზე უფრო მეტად საჭიროა, გადაწყვეტილების შესრულება.
„ახლა მთავარი არ არის და არც აქამდე არ იყო ჩვენი თავისუფლება, ისევ ვიმეორებ, გიორგი რურუასთან ერთად. ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი უახლოესი ისტორიაში პოლიტპატიმრების ეპოქა და მასზე ხელისუფლების რეაგირება, ეს თემა უნდა დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ, რადგან ცვლილებები აუცილებელია იმ ქარიშხლის მოსაგერიებლად, რა ქარიშხლის წინაშეც დღეს ვდგავართ. კაცობრიობას ოდითგანვე სამი რამ აწუხებდა, ეს არის ომი, პანდემია და შიმშილი. ამ საერთაშორისო პანდემიის შემდეგ, ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ჩვენს ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს და ექნება. მიუხედავად იმისა, ვის მოწონს დღევანდელი ხელისუფლება, ან არ მოსწონს, უნდა გვესმოდეს, რომ რვა წლის თავზე ხელისუფლება იმ ცვლილებებს, რაც აუცილებელია, ვერ შეძლებს. მტკივნეული ცვლილებებია საჭირო, ბიუჯეტის, ბიუროკრატიის შეკვეცაა, გადასახადების დაწევა, ქამრების ძალიან შემოჭერა, ინვესტორებთან მუშაობაა საჭირო, სასამართლოა ამისთვის საჭირო, ეს მთავრობა ამას ვერ შეძლებს. თუ გვინდა, რომ ეკონომიკური კოლაფსიდან ამოვიდეთ, ამას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები და ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება არჩევნების გზით ამ წლის ბოლოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.