გიგი უგულავა - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ხვალ ვიკრიბებით, რის შემდეგაც საზოგადოებას საბოლოო გეგმას გავაცნობთ
გიგი უგულავა - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ხვალ ვიკრიბებით, რის შემდეგაც საზოგადოებას საბოლოო გეგმას გავაცნობთ

არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს ამ გაყალბებულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეორე ტურში გასული კანდიდატი ბიულეტენში დახვდებათ, მაგრამ ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საბოლოო გეგმაზე ხვალ იმსჯელებენ.

„რაც შეეხება საპროტესტო აქციებს 21-ში, სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ. ხვალ, 12:00 საათზე ვიკრიბებით და საბოლოო გეგმა, გრაფიკი ეცოდინება საზოგადოებას და მედიასაც. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს, ვინც თვლის, რომ არჩევნები არსებითად გაყალბდა, 21 ნოემბერს არ მიიღოს ამ სიყალბეში მონაწილეობა და პირიქით, მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში“,- განაცხადა გიგი უგულავამ.