გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სამარცხვინოა, საპატრიარქომ უბრალოდ ხელები დაიბანა, როგორც პილატემ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოლოდინი ფუჭი იყო.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სამარცხვინოა. გიგი უგულავა საპატრიარქოსაც აკრიტიკებს და მათ პოზიციას ამ საკითხზე პილატეს პოზიციას უწოდებს.
„მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი შეიწყალებდა დეკანოზს, ფუჭი იყო. სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა პოლიციელების მკვლელებს, ბარიგებს და ყველა უბედურს, მაგრამ იქ, სადაც საზოგადოებრივი მოლოდინია, ის ამას არ იზამდა, რადგან ის არ არის პრეზიდენტი, რომელიც იწყალებს, ის არის ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი. სამარცხვინოა მისი გადაწყვეტილება. სამარცხვინოა ის, რაც ეხება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ საკითხს, პილატეს პოზიციაა, მინდა, ხაზი გავუსვა საპატრიარქოს პოზიციას. როცა საპატრიარქოს რამე უნდა, გვინახავს მათი დაჟინებული თხოვნა და ის პოზიციაც, რა პოზიციაც საპატრიარქომ დაიჭირა, უბრალოდ ხელები დაიბანა, როგორც პილატემ და გადააბარა სამოქალაქო ხელისუფლებას, ჩაუგდო, უფრო სწორად, სამოქალაქო ხელისუფლებას და ჯალათებს, რადგან ვიცოდით, რომ პრეზიდენტი მას არ შეიწყალებდა. ამით კიდევ გაფორმდა მეგა ტყუილი მეორე ტურის, თითქოს პრეზიდენტი ავირჩიეთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.