გიგი უგულავა - საჭიროა ისეთი აქციებისთვის მომზადება, რომლის შედეგიც იქნება რიგგარეშე არჩევნები
ხვალინდელი აქციის გაუქმების გადაწყვეტილება განპირობებული და ნაკარნახევი იყო იმ პროცესით, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჩავარდნილი მოლაპარაკება არამარტო კრიზისის გაღრმავებას ნიშნავს, არამედ ნიშნავს სილის გაწვნას პარტნიორების მიმართ.
„სამწუხაროდ, გუშინდელი დღე არ იყო დიდი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. გუშინდელ დღეს არამარტო მოლაპარაკება ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“, მოლაპარაკება, რომელსაც პოლიტიკური კრიზისი უნდა განემუხტა და ქვეყნისთვის გამოსავალი მოგვეძებნა. შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა. დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს უკვე აღარ ეპარება ეჭვი, რომ გუშინდელი ჩავარდნილი მოლაპარაკებები ივანიშვილის მხრიდან ატარებს გეოპოლიტიკურ ხასიათს, რადგან ჩავარდნილი მოლაპარაკება არამარტო კრიზისის გაღრმავებას ნიშნავს, არამედ ნიშნავს სილის გაწვნას ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა უგულავამ
მისი თქმით, საჭიროა ისეთი აქციებისთვის მომზადება, რომლის შედეგიც იქნება რიგგარეშე არჩევნები.
„ვვარაუდობთ, რომ აწი საკუთარი ძალაუფლებისა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ივანიშვილის ძალისხმევა გადაიხაროს რუსეთისკენ, კიდევ უფრო მეტად ცხადი გახდა. გუშინდელი დღე ამ თვალსაზრისით იყო წყალგამყოფი. ამიტომ, აქციები და ღონისძიებები, რომელიც უნდა დაიგეგმოს, რომლის მთავარ მოთხოვნებად რჩება რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, გაცილებით უფრო ღრმა და ფართო სახეს იღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეუქმებინა ხვალინდელი აქცია. ეს განპირობებული და ნაკარნახევი იყო იმ პროცესით, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობდა. ამავე დროს, ვფიქრობთ, გაცილებით სხვა ხარისხისა და სხვა დონის მომზადებააა საჭირო, მომზადება ისეთი აქციებით ისეთი აქციებისთვის, რომლის შედეგიც იქნება რიგგარეშე არჩევნები, რომლის შედეგი უნდა იყოს ცვლილებები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროში გაწელილი გეგმით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე და ხვალ 12:00 საათზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ პათოსს იზიარებს, რომელიც ხედავს, რომ დღეს უკვე ბრძოლა ეგზისტენციალური ხასიათისაა, გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას, თარიღებისა და რეგიონების მიხედვით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან, როგორც უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესში პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იდგა უკომპრომისოდ.
„კომპრომისები ჩვენი მხრიდან ყველა პუნქტზე არსებობდა, მაგრამ, არც ერთ შემთხვევაში, პოლიტიკური ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ დათანხმდებოდა არც ერთ წინადადებას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური მეგობრები და თანამებრძოლები ციხეში სხედან. ამიტომ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი მთავარი და უმთავრესია, რათა ნდობა ოდნავ მაინც აღდგეს. ამიტომ, ეს საკითხი ბუნებრივია, იდგა უკომპრომისოდ. როგორი ფორმით მოხდებოდა ამ პრობლემის მოგვარება, ეს უკვე „ქართულ ოცნებაზე“ არის სწორედ დამოკიდებული. იურიდიული მექანიზმები მათ ხელშია. ეს პრობლემა მათ შექმნეს და შესაბამისად, სულ რაღაც ერთი საათია საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. სხვა კომპრომისები საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორ უნდა მივსულიყავით რიგგარეშე არჩევნებამდე. ამ საკითხებამდეც კი ვერ მივიდა საუბარი, რადგან ყრუ კედელი იყო აღმართული „ქართულო ოცნების“ მხრიდან. ამ ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში მათი პოზიცია კიდევ უფრო შორდებოდა საერთო შეთანხმებას, ან შესაძლო შეთანხმებას. ჩვენ მივიღეთ მსოფლიოში უპროცედენტოდ ანომალიური მოლაპარაკებები, სადაც საწყისი წერტილი უფრო ახლოს იყო, ვიდრე ბოლო წერტილზე ვიყავით. ამაში თავიდან ბოლომდე დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.