გიგი უგულავა - საჭირო იყო მეტი სამოქალაქო-პოლიტიკური კონტროლი, რათა თავნებობა აღგვეკვეთა, დანარჩენი მეგის ქარდავაზე ჰკითხეთ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს, ქარდავას თანამშრომელს, ხელქვეითსა და მეგობარს
თავის დროზე, საჭირო იყო მეტი სამოქალაქო-პოლიტიკური კონტროლი, რათა თავნებობა აღგვეკვეთა, დანარჩენი მეგის ქარდავაზე ჰკითხეთ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს, ქარდავას თანამშრომელს, მის ხელქვეითსა და მეგობარს, – ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში პრობლემა არის ის, რომ „სისტემა თავისი ყველაზე დამპალი გამოვლინებებით დღეს გაიფურჩქნა“.
უგულავას განცხადებით, არ არსებობს ძალოვან სტრუქტურებზე საზოგადოებრივი კონტროლი და შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურები ბადებენ იმ პრობლემებს, რომელიც შემდეგ ყველა ხელისუფლებისთვის ხდება პრობლემა.
„საქართველოში მთავარი პრობლემა არის საზოგადოებრივი კონტროლის არარსებობა ძალოვან სტრუქტურებზე. შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურები ხდებიან დომინანტი. აქედან გამომდინარე, ძალოვანი სტრუქტურები ბადებენ იმ პრობლემებს, რომელიც შემდეგ ყველა ხელისუფლებისთვის ხდება პრობლემა. ამიტომ, საზოგადოებრივი კონტროლისა და პოლიტიკური, სამოქალაქო კონტროლის გარეშე დარჩენილი ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურა გახდება მონსტრი. ამ მონსტრს დღეს ჩვენ ვუყურებთ, ის ჩვენ გვისმენს, გვითვალთვალებს, სახლში გვივარდება, გვამცირებს, გვაშანტაჟებს და ა შ. ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ვინც ამას სჩადიოდა, დაისჯება მკაცრად. დაისჯებიან მკაცრად დღევანდელები, გუშინდელები და გუშინწინდელები. ეს იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ რეალურად გვექნება სასამართლო.
საქართველოში სასამართლო არ არსებობს. სასამართლო არის ივანიშვილის პროპაგანდონებით დაკომპლექტებული და მხოლოდ პროკურატურა და სასამართლო ემსახურება პროპაგანდას, მეტს არაფერს. დღევანდელი სასამართლოთი ჩვენ სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ დადგება დრო, უნდა გაირკვეს, რადგან არის დანაშაულებები, რომლებიც ადამიანს და სისტემას არ ეპატიება. თავის დროზე, სამოქალაქო კონტროლი, იმიტომ, რომ მე ვიყავი სამოქალაქო პირი, საჭირო იყო მეტი სამოქალაქო-პოლიტიკური კონტროლი, რათა თავნებობა აღგვეკვეთა. მაგრამ დანარჩენი უკვე მეგის ქარდავაზე ჰკითხეთ არჩილ ჩიქოვანს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს. მეგის ქარდავას თანამშრომელს, მის ხელქვეითსა და მეგობარს.
დღეს პრობლემა საქართველოში არის ის, რომ სისტემა, თავისი ყველაზე დამპალი გამოვლინებებით დღეს გაიფურჩქნა. დღეს უკვე მეტასტაზებივით ედება ქვეყანას და პრაქტიკულად ყველა, „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი ან ძალოვანის წარმომადგენელია, ან კიდევ უარესი, შპიონები, რომლებიც გარდამავალი დროშასავით გადაეცა ძალოვან სისტემას. ისინი არ ემსახურებიან ქვეყნის უსაფრთხოებას, ისინი ემსახურებიან მხოლოდ რეჟიმს, რომელიც 2 ოქტომბერს დასრულდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.