გიგი უგულავა პოლიციელს მიმართავს - საარჩევნო კოდექსი ამ ქალის დაწერილია, მე მასწავლი, მერიის ფუნქცია რა არის და საარჩევნო კოდექსს ხათუნა გოგორიშვილს?
საარჩევნო კოდექსი ამ ქალის დაწერილია, მე მასწავლი, მერიის ფუნქცია რა არის და საარჩევნო კოდექსს ხათუნა გოგორიშვილს? – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პოლიციელს, რომელმაც პარტიის წარმომადგენლებს მიუთითა, რომ მათ მიერ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრა უკანონო იყო.
პარტიის ლიდერებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის შესახებაც მათ მიუთითეს, პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში. გოგორიშვილის თქმით, შესაბამისად, პლაკატების გაკვრის უფლება აქვთ. გოგორიშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე, საარჩევნო კოდექსით გამოცხადებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
„იმის მაგივრად, წახვიდეთ, კრიმინალს ებრძოლოთ, მოხვედით აქ და რაღაც სისულელით ხართ დაკავებული. თქვენი მოვალეობა არის კრიმინალთან ბრძოლა, დაწყნარდით და თქვენი საქმე გააკეთეთ“, – უთხრა გიგი უგულავამ პოლიციელს, რომელიც მას კორექტულობისკენ მოუწოდებდა.
ადგილზე მივიდნენ დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა პარტიას ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლის დარღვევაზე მიუთითეს, რომელიც ქალაქის იერსახის დამახინჯებას კრძალავს.
მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს.