გიგი უგულავა - პოლიციელებს ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი საშტატო განრიგი არ გამოქვეყნდება, თქვენი შვილები სადარბაზოებში ნახავენ სურათებს
რიგით პოლიციელებს, ვინც მონაწილეობა მიიღო, ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი საშტატო განრიგი არ გამოქვეყნდება, სადარბაზოებში თქვენი შვილები ნახავენ სურათებს, რომ მათი მამები უდანაშაულო ადამიანების დამრბევები არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
„15:00 საათზე ვიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, მოდით, მეგობრებო, რადგან ეს აღარ არის ნიკა მელიას, ერთი პარტიის ან პოლიტიკური კლასის საქმე. ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების საქმე. ვიქნებით თავისუფალ საქართველოში, თუ ვიქნებით მონების ხროვაში, რომელმაც დაიმონა ყველაფერი. გულის ამრევად იქცეოდა პოლიცია, რომელიც ყველანაირ ზღვარს გადავიდა. ტყუილად ჰგონიათ რიგით პოლიციელებს, იმხელა ჩაფხუტების ქვეშ რომ ხართ, რომ თქვენი საშტატო განრიგი არ გამოქვეყნდება, ვინც მონაწილეობა მიიღეთ. საკუთარი სახლის სადარბაზოებში თქვენი შვილები ნახავენ სურათებს, რომ მათი მამები უდანაშაულო ადამიანების დამრბევები არიან. უკომპრომისო იქნება, რადგან ხაზი გავლებულია და ქვეყანას არ ჩავაბარებთ ივანიშვილსა და პუტინს. ამიტომ, უკომპრომისო იქნება, დაჭერებიც იქნება, ყველაფერი იქნება, მაგრამ ეს პაჭანიკები, რომლებიც ამ ქვეყანას შემოესივნენ, ქვეყანას დატოვებენ და ქვეყნის სხეულის ძიძგვნას მოეშვებიან. ეს მოხდება. აუცილებლად მოხდება. ბევრს შეიძლება, დღეს არ სჯეროდეს, როგორც არ სჯეროდა საბჭოთა კავშირის დაშლა, მაგრამ საბჭოთა კავშირი როგორც გადაჯიშდა, ისე გადაჯიშდებიან აქედან ივანიშვილი და გულის ამრევი ცახესები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციის გამართვას გეგმავს.