პირდაპირ ვამბობ, ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამაზე მეტად კონსტრუქციული ვერ იქნება. ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია დიალოგი.
„მიმაჩნია, ხელისუფლების მხრიდან სიტყვა კონსტრუქციული და დესტრუქციული, ვერბალური ცნებებია, უშინაარსოა, მას შემდეგ, რაც ველური მეთოდებით ნიკა მელია დაიჭირეს, შტურმით თავლაფი დაასხეს ქვეყანას. პირდაპირ ვამბობ, ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციული. კონსტრუქციულია ოპოზიცია, რომელიც არ გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, რადგან ჩვენ რომ იქ გაგვეწია წინააღმდეგობა, უბედურება მოხდებოდა. დარწმუნებული ვიყავით, პოლიცია და ღარიბაშვილი-ივანიშვილი ამაზე წამსვლელი იყო. მეტი კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ იქნება.
თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში, დავარქმევ ამ სიტყვას, არ მომერიდება, ჩმორი, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ, რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ უნდათ დაძლევა პოლიტიკური კრიზისის და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე. როცა დამიჭირეს, შეწყდა მაშინ დიალოგი და როცა ათი დღის შემდეგ აღდგა, აღდგა დიალოგი პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე. თუ არ შედგა საუბარი მათ გათავისუფლებაზე, აბა, როგორ უნდა გავათავისუფლოთ. ძალიან მინდა, მოგიწოდოთ, ასევე ჩემს კოლეგებსაც ვთხოვე, საკუთარ თავს, წინა დათქმებს ნუ გავუკეთებთ, ვადებს ნუ დავუწესებთ. ეს ვადა არის ღარიბაშვილისთვის და არა ჩვენთვის. ასოცირების სხდომაზე ღარიბაშვილი მიდის და მან უნდა დაანახოს, როგორც ამ შემთხვევაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რა პროგრესია პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.