პარლამენტში შესვლა არანაირად არ ყოფილა დაგეგმილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას გეგმავს ოპოზიცია ვიდეომასალაში, რომელიც საქმეში ფიგურირებს, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დამატებით ბევრი კითხვა არ ჰქონიათ.
„ვერც ექნებოდათ. ეს ეპიზოდი, ისევე როგორც ყველა ნებისმიერი სხვა ეპიზოდი, 200 ჩართული კამერისა და ლაივის პირობებში მიდიოდა. ეს არ იყო რაიმე დაგეგმვითი შეხვედრა. ეს იყო უბრალოდ ის, რომ ზოგი ერთ აზრს იტყოდა, მეორე ამ აზრს გააბათილებდა და ა.შ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
კითხვაზე, იზიარებდა თუ არა მელიას აზრს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დაკითხვაზე მელიასთან დაკავშირებით ჰკითხეს და უპასუხა ის, რაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამს.
„მელიას გამოსვლა ონლაინ საერთოდ არ მომისმენია. მელიას გამოსვლა გავიგე მეორე დღეს. მელიას გამოსვლა პირადად მე არ მომეწონა, მაგრამ სრული პოლიტიკური უტიფრობა, სამართლებრივი თავხედობა და უვიცობაა ის, რომ მისი გამოსვლა და პარლამენტის წინ შემდგომ განვითარებული ჩხუბი მონათლო სახელმწიფო გადატრიალებად ან რაღაც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფად. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი და მინდა, გითხრათ, პირად საუბრებში გამომძიებლებიც და მოსამართლეებიც აღიარებენ, რომ ეს არის სამართლებრივი პროპაგანდისთვის და არა სამართლის დადგენისთვის წარმოებული გამოძიება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.