გიგი უგულავა - ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია აუცილებელია, მინდა, ნიკა მელიას მადლობა ვუთხრა
„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას განცხადებით, აუცილებელია კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, რათა ოპოზიციური ხმები არ გაიყოს და პირველსავე ტურში ბევრმა ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია.
გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას, ასევე სხვა პარტიებს მადლობას უხდის.
„უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, იმ მეგა-გადაგდების შემდეგ, რაც ივანიშვილის „ოცნებამ“ იკადრა, ეს 30 მაჟორიტარი „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს აძლევდა მანიპულაციის შესაძლებლობას იმისთვის, რომ მიეტაცებინა ხმები და ასე გაეძლიერებინა საკუთარი ძალაუფლება.
ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვუხსნიდით საზოგადოებას, რომ აუცილებელი იყო კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, რომ ოპოზიციური ხმები არ გაიყოს და პირველივე ტურში დაფიქსირდეს ძალიან ბევრი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება. ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი არის მისასალმებელი. მე მინდა, ნიკა მელიასაც პირადად მადლობა ვუთხრა. ის ერთ-ერთი მედროშე იყო ამ ერთიანი მაჟორიტარული წარდგინებისა და მთლიანად ყველა პარტიას მინდა, მადლობა ვუთხრა.
შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე არსებობდეს, მაგრამ ის, რომ ივანიშვილს არ უნდა მივცეთ მაჟორიტარებით ძალაუფლების მოპარვის საშუალება, ეს ორჯერ-ორი ოთხია. ეს არ არის ნდომების საკითხი, დავსხდებით, შევჯერდებით და წარმოვადგენთ მაქიმალურად მრავალფეროვან სურათს. სულ 8 ადგილია თბილისში, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ მაქსიმალური წარმომადგენლობა იყოს სხვადასხვა პარტიებისა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი კვოტა ექნება თბილისში „ევროპულ საქართველოს“, უგულავა აცხადებს, რომ ჯერჯერობით რაოდენობებზე ლაპარაკი მისი მხრიდან არარელევანტურია.
„მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი აზრი და პრინციპული პოზიციაა, რომ 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან თბილისში შეჯერებული კანდიდატები. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – მე თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები, სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციების საგანია“, – განაცხადა უგულავამ.
ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარულიდან ექვს ოლქს თმობს და საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სამგორსა და გლდანში იწყებს.