„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის მჭიდრო კოორდინაციას, ერთსულოვნებას ფუნდამენტურ საკითხებში ალტერნატივა არ აქვს.
მისივე თქმით, ალტერნატივა არ გააჩნია ერთიან მაჟორიტარზე შეთანხმებას.
ამიტომ, უგულავა ფიქრობს, რომ პროპორციულ ნაწილში იქნება მრავალფეროვნება, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში შეთანხმება და მაქსიმალური კოორდინაცია.
„მთელმა ამ პერიოდმა ანახა ერთი მნიშვნელოვანი რამ – ოპოზიციის მჭიდრო კოორდინაციას, ოპოზიციის ერთსულოვნებას ფუნდამენტურ საკითხებში ალტერნატივა არ აქვს და ეს არის გამარჯვების და ცვლილებების წინაპირობა. აქედან გამომდინარე, ეს კოორდინაცია და თანამშრომლობა გაგრძელდება და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია. მე ვფიქრობ, იმის მიხედვით, როგორი იქნება სისტემა, იქნება 30 მაჟორიტარი, თუ როგორ, მაჟორიტარების საკითხში კოორდინაციას და ერთიან მაჟორიტარზე შეჯერებას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ვიცით, რომ 30 იქნება, თუ 73 მაჟორიტარი, ივანიშვილი ამ კომპონენტს თავის სასარგებლოდ, ხელისუფლების მისატაცებლად გამოიყენებს.
ერთადერთი ამის პრევეცნია არის მსხვილი ერთიანი მაჟორიტარი ყველა ოპიზიციიდან ძირითად ოლქებში, რათა არ მოხდეს ხელისუფლების მიტაცება ივანიშვილის მხრიდან. ჩვენ ფუნდამენტურად მოგვწონს თუ არ მოგვწონს, შევდივართ ახალ ეპოქაში. მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში და ჩვენი პოლიტიკური თაობის ამოცანაა, რომ პროპორციულმა სისტემამ იმუშაოს და ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანოს, არა ქაოსი და უბედურება, როგორც ახლა „ქართული ოცნება“ და მისი სხვადასხვა წარმომადგენელი ეუბნება, რომ პროპორციული უბედურება იქნება.
ამიტომ პარტიული მრავალფეროვნება არის მნიშვნელოვანი, ეს ეპოქა დგება, რომ პარტიები ერთმანეთს ჩაქუჩებით კი არ უნდა ურტყამდნენ, თანამშრომლობით უნდა იყვნენ. ამიტომ, პროპორციულ ნაწილში იქნება მრავალფეროვნება და მაჟორიტარულ ნაწილში იქნება შეთანხმება, მაქსიმალური კოორდინაცია. ეს არის გამარჯვების ბილეთი და ხსნა“,- აღნიშნა უგულავამ.
ამასთან, კითხვაზე, „ევროპული საქართველო“ კოალიციაში ვინმესთან წარმოგიდგენიათ, თუ პარტია დამოუკიდებლად იბრძოლებს არჩევნებზე, უგულავამ უპასუხა, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ სხვების კოალიცია წარმოუდგენია.