გიგი უგულავა - მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა
მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ მიერ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.
უგულავას თქმით, ბევრი დეტალი დასაზუსტებელია, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლების, ცესკო-ს თავმჯდომარის, თვითმმართველობის არჩევნებზე 40-პროცენტიანი მხარდაჭერის საკითხები.
„მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამ საკითხზე ჩვენ თანხმობა გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია მთელი რიგი საკითხების დეტალიზაცია, რათა არ განმეორდეს იგივე, რაც მოხდა 8 მარტის შარშანდელი შეთანხმების დროს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი დოკუმენტს და მერე ორი თვის მანძილზე უარყოფდა იმას, რასაც ხელი მოაწერა.
მისასალმებელია ასევე, რომ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა რიგგარეშე არჩევნების თემა, თუმცა წინადადება 40 პროცენტთან დაკავშირებით მიუღებელია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ქირქილი და დაცინვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათთვის პროცენტებს მნიშვნელობა არ აქვს, ისეც მოიგებენ. ახლა ვნახეთ, როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
დეტალიზაციას მოითხოვს ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც იცვლება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ არ უთქვამს მაგალითად, ახალი კანონი, რომელსაც ისინი მიიღებენ ვრცელდება თუ არა თამარ ჟვანიაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია თამარ ჟვანიას დარჩენა და მის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა.
ასევე წინაპირობა უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, რადგან ის ამ პოლიტიკური პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. სწორედ მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ ეს საკითხიც უნდა გამოვიდეს წინაპირობის სახით.“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ბუნდოვანია ასევე 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის საკითხიც.
„შესაბამისად, იმისთვის, რომ არ იყოს გაურკვევლობა, დეტალიზაციაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში რაციონალურ დოკუმენტს მივიღებთ, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები იქნება ასახული.
რაც შეეხება 20 ივნისის საქმეების ამნისტიას, ამ შემთხვევაში ამნისტია თუ ეხება პოლიციელებს, დამრბევებს, თვალების დამთხრელებს და მათთვის დავალების მიმცემებს და ამის „გაპრავება“ უნდა „ქართულ ოცნება“, ეს ვერ მოხდება. აქაც ბუნდოვანება არის. თუ ამნისტია მხოლოდ იმ მუხლებზე ვრცელდება, რომელიც აქვს აქტივისტებს და ნიკა მელიას, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი“, – განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას, უგულავას თქმით, მთავარი განსახილველი საკითხები შეეხება 15 მაისის აქციას და გოგი წულაიას პატიმრობას.
„დღევანდელ შეკრებაზე ძირითადი და პირველი საკითხი იქნება 15 მაისის მოსამზადებელი სამუშაოები. მანამდე თბილისსა და სხვა რეგიონებში სხვადასხვა ინტენსივობით ღონისძიებები იგეგმება და ეს გრაფიკი უნდა გავიაროთ.
შემდეგი საკითხი, რასაც განვიხილავთ, ვფიქრობთ, რომ ერთობლივი განცხადება მივიღოთ გოგი წულაიას პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვხედავთ შერჩევით სამართალს. როდესაც საუბარი იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატზე საკრებულოდან და კიდევ ბევრ სხვა მსგავს შემთხვევაში წინასწარი პატიმრობა არ არის გამოყენებული, ხოლო ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავტომატურად ეჭვქვეშ არ ვაყენებთ მსხვერპლის მონათხრობს, წინასწარი პატიმრობა მიგვაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. განსაკუთრებით „ტვ პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების შემდეგ, რაზეც იყო რეაქცია, ფაქტია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია იმ არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ბერა ივანიშვილმა გამოუწერა ამ ადამიანს“, – განაცხადა უგულავამ.