გიგი უგულავა - უკეთესია, იყოს რაიმე ტიპის საარჩევნო ბარიერი, თუმცა ტრაგედიას ამაშიც ვერ ვხედავთ
კონსტიტუციაში რამდენიმე სიტყვა და წინადადებაა შესაცვლელი, ამიტომ „ევროპული საქართველო“ წინასწარ ვაცხადებთ, რომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებას დავუჭერთ მხარს, რადგან ეს არის სწორედ აქციების მონაპოვარი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„პირველი და მთავარი, ჩვენ არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ და მის მთავრობას საშუალება, რაიმე ფორმით მოახდინოს მანიპულაცია და უკან წაიღოს ის მონაპოვარი, რომელიც საპროტესტო ამომრჩეველმა და იმ აქციებმა მოიტანეს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ამასთანავე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ყველა შესაძლო ფორმატში ვახსენოთ და მოვითხოვოთ, მივაწვეთ „ქართულ ოცნებას“, რომ გადააყენოს გახარია, რაც არის ამ წუთას მთავარი მოთხოვნა იმ აქციების, რომელიც მე-11 დღეა, მიმდინარეობს. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ. ვგულისხმობ პროპორციულ სისტემაზე 2020-ში ანუ ახლა გადასვლას და არა ის, რასაც ივანიშვილი გვპირდებოდა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, რაც ბუნებრივია, გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ფორმატებს.
„ამ ფორმატებში პარტიებმა შეიძლება, სხვადასხვა სტრატეგიაც ავირჩიოთ, რადგან არც ერთი ფორმატი არ უნდა დარჩეს, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება მარტო და შეეცდება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ან ჩვენი თანამოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს და მოატყუოს. ბარიერთან დაკავშირებით და ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ უკეთესია, იყოს რაიმე ტიპის ბარიერი, თუმცა რაიმე ტიპის ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავთ. კონსტიტუციის ცვლილებას არ სჭირდება ბევრი დისკუსია. კონსტიტუციაში რამდენიმე სიტყვა და წინადადებაა შესაცვლელი, ამიტომ „ევროპული საქართველო“ წინასწარ ვაცხადებთ, რომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებას დავუჭერთ მხარს, რადგან ეს არის სწორედ აქციების მონაპოვარი. დანარჩენ საკითხებზე ბუნებრივია, გვექნება ინდივიდუალურ რეჟიმში მსჯელობა. ზოგი პარტია ერთ ტაქტიკას აირჩევს, ზოგი მეორეს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ, ყველა ოპოზიციურ პარტიას გვაქვს ერთსულოვნება და ეს ერთსულოვნება ეფუძნება შემდეგ რამეს – არანაირი ხრიკებით არანაირი მანიპულაციებით არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ გადაბრალების ან მანიპულაციის საშუალება, რათა ის რაც ჩვენ მოვიპოვეთ უკან წაიღონ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.